კორონავირუსი და შეზღუდვები

გაბუნია: გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ფიქრი დავიწყეთ

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში ეპიდვითარება უარესდება. ერთი კვირაა, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ათასს აჭარბებს. თამარ გაბუნიას თქმით, გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ფიქრი დაწყებულია, – "დავუშვათ, ბავშვების ბანაკების". ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ TV იმედის ეთერში ისაუბრა.

"ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კრიტიკულია და, ამდენად, მოქალაქეებისა და საზოგადოების აქტივობის გარეშე წარმოუდგენელია. მე მესმის, ზაფხულის პერიოდია, კურორტები გაიხსნა, გასართობი ღონისძიებები ტარდება. გასართობ ღონისძიებაზე არ არის განწყობილი ადამიანი იმისთვის, რომ ნიღბით იყოს და დისტანცია დაიცვას, მაგრამ ეს ასე არ გამოვა. ჩვენ ისევ მოგვიწევს, რომ ვისაუბროთ გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე. ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი, რომ დავუშვათ, ბანაკები ბავშვების – ბოლო დროს, ბავშვებში გაიზარდა ჰოსპიტალიზაცია. ჩვენ ჰოსპიტლებში ნოემბერ-დეკემბერში ბავშვთა საწოლები თავისუფალი გვქონდა, არასდროს იყო დატვირთვა, ახლა ვამატებთ ბავშვთა საწოლებს, რადგან შეივსო". – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია იმედის ეთერში.

საქართველოში ბოლო 24 საათში ინფიცირების 1 398 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.53%, ბოლო 14 დღის - 4.21%, ბოლო 7 დღის - 4.65%.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 14 714-ია, მათგან 3 838 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 065 პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება, ხოლო 9 811 პირი - ბინაზე.

ქვეყანაში 756 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 166 პირი იმყოფება.

15 ივლისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 382 734 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 362 491 გამოჯანმრთელდა, 5 503 გარდაიცვალა.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, ბოლო მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 324 802 აცრა. სრულად ვაქცინირებული კი 123 848 ადამიანია.

კომენტარები