კორონავირუსი საქართველოში

კალოიანი: შესაძლოა, გვქონდეს ძალიან მძიმე აგვისტო და სექტემბერი, გამოსავალი ვაქცინაციაა

მთავარი არხი

"ერთადერთი გამოსავალი არის სწრაფი ვაქცინაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება ძალიან მძიმე აგვისტო და განსაკუთრებით სექტემბერი". – ამბობს ევროპული საქართველოს მდივანი ჯანდაცვის საკითხებში, ვახტანგ  კალოიანი Palitranews-ის ეთერში საუბრისას. 

მისი თქმით, მოსახლეობას აქვს ნდობა ვაქცინის მიმართ და აქვთ სურვილი აიცრან, ამას კი ხელისუფლების მხრიდან კარგი ორგანიზება სჭირდება. 

„ჩვენ მეოთხე ტალღაში შევედით, შევედით ხელისუფლების არათანმიმდევრული და უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო. დღეს უწევს ჯანდაცვის მინისტრს აღიარება, რასაც ჩვენ წელიწადნახევრის წინ ვამბობდით, რომ, თურმე შარშან ზაფხულში რაღაც ღონისძიებები დაგვიანდა და იმის შედეგს ახლა ვიმკით. დიახ, დაგვიანდა და ჩვენ მივუთითებდით და ვთხოვდით, გაეთვალისწინებინათ, მაგრამ არავის გაუთვალისწინებია. ჩვენ შევდივართ მეოთხე ტალღაში, ერთადერთი გამოსავალი არის სწრაფი ვაქცინაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება ძალიან მძიმე აგვისტო და განსაკუთრებით სექტემბერი.

გამოჩნდა, რომ მოსახლეობას აქვს სურვილი აიცრას, აქვს ნდობა ვაქცინაციის მიმართ და ამას ხელისუფლების მხრიდან სჭირდება ორგანიზება, ინფორმირება და კარგი ლოჯისტიკა. ამ შემთხვევაში მოქალაქეების დამყოლობა იქნება მაღალი". – ამბობს კალოიანი. 


კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის 28 000 დოზა საქართველოში დღეს, 14 ივლისს, შემოვიდა.  რეგისტრაციის პორტალი 15:00 საათზე გაიხსნა, თუმცა შეფერხებით მუშაობდა, რის გამოც, მოქალაქეების დიდმა ნაწილმა რეგისტრაცია ამ დრომდე ვერ შეძლო. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Pfizer-ით აცრას მოქალაქეები პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ.

საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ ქვეყანა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ Pfizer-ის მილიონ დოზას ეტაპობრივად მიიღებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, წელს, დაახლოებით ოქტომბრის ბოლომდე  Pfizer-ის 1.5 მილიონი დოზა შემოვა საქართველოში.

კომენტარები