ალტ-ინფო

Silknet სამაუწყებლო პაკეტში Alt-Info-ს არ სვამს – 15 ივლისს საქმეს მარეგულირებელი განიხილავს

15 ივლისს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია განიხილავს პუტინისტური, ნეოფაშისტური დაჯგუფების, ალტ-ინფოს სარჩელს სილქნეტის წინააღმდეგ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, სილქნეტის წინააღმდეგ ალტ-ინფომ მარეგულირებელში სარჩელი 17 ივნისს შეიტანა. სარჩელის მიხედვით, ალტ-ინფომ მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ კომპანიებს მიმართა მოთხოვნით, განეთავსებინათ სამაუწყებლო არხი მათ სამომხმარებლო პაკეტში, თუმცა, მოთხოვნა მხოლოდ 2-მა კომპანიამ დააკმაყოფილა, ახალი ქსელებმა და მაგთიკომმა, ხოლო სილქნეტმა უარი განაცხადა.

ამასთან დაკავშირებით, 11 ივნისს, პრორუსულმა, პუტინისტურმა და ულტრანაციოანალისტურმა პლატფორმა ალტ-ინფო-მ Youtube-ზე ვიდეო განათავსა, სადაც სილქნეტს ადანაშაულებდა კანონის დარღვევაში: "თვეების მანძილზე ვცდილობდით ჩვენი მაუწყებლობის ჩართვას. მათ კანონით არ ჰქონდათ უფლება, რომ არ ჩაგვრთონ". – ამბობს ერთ-ერთი წევრი.

ალტ-ინფო სარჩელში ეყრდნობა მაუწყებლობის შესახებ კანონის 40 (1) მუხლს, რომლის მიხედვითაც, კომპანიები ვალდებულები არიან, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, კონკრეტული არხი მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განათავსონ.

ამასთან ერთად, მოცემული კანონმდებლობის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიებსა და ნებართვებს გასცემს მხოლოდ კომუნიკაციების კომისია, რომელმაც ალტ-ინფო-ს მაუწყებლობის უფლება 2020 წლის ნოემბერში მისცა. 

შესაბამისად, ფორმალურად სილქნეტი კანონს არღვევს, მეორე მხრივ კი, საქმე ეხება დაჯგუფებას, რომელმაც უკვე დააორგანიზა რამდენიმე ძალადობრივი აქცია და მისი პლატფორმების საშუალებით კვლავ ხდება ღია მუქარა, როგორც ჟურნალისტების, ისე სექსუალური უმცირესობების მიმართ.

სილქნეტის წარმომადგენელი ამბობს, რომ მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, ალტ ინფოს გარდა, ის სხვა სამაუწყებლო არხებსაც ვერ რთავს ამ ეტაპზე, თუმცა ალტ ინფო ამ არგუმენტს ლეგიტიმურად არ მიიჩნევს.

კანონში ჩანაწერი, რომლის საფუძველზეცაა დაწერილი სარჩელი, ეხება Must carry-ის პრინციპს, რომელიც პარლამენტმა  2012 წელს დაჩქარებული წესით მიიღო. ამ პრინციპის მიხედვით, ავტორიზებული საკაბელო კომპანიები ვალდებული ხდებიან, საარჩევნო პერიოდში – არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის წინა დღემდე თავის პაკეტში ჩართონ ყველა ის სატელევიზიო არხი, რომელიც მაუწყებლობის ლიცენზიას ფლობს შესაბამის რეგიონში. შესაბამისად, Must carry-ის შემოღებას საფუძვლად ედო 2012 წლის პოლიტიკური კონტექსტი და მიზნად ისახავდა საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ. 

კომენტარები