კორონავირუსი საქართველოში

"მაქსიმუმს ვცდილობთ, პოზიტიური სიახლე არ გვაქვს" – ინფიცირებული 3 ჩვილის მდგომარეობა მძიმეა

ციციშვილის სახელობის კლინიკაში მყოფი სამი ინფიცირებული ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ერთ ბავშვს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა, მეორეს - ბრიტანული. რაც შეეხება მესამე ბავშვს, მისი ნიმუშის კვლევა გრძელდება. სამივე ჩვილი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება.

"მაქსიმუმს ვცდილობთ.  ჩართულია ევექსის ბორდი, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ჩართულები არიან მათ მკურნალობაში, NCDC დიდ მხარდაჭერას გვიცხადებს, თუმცა, ამ ეტაპზე რაიმე სიახლე პოზიტიურობის კუთხით არ გვაქვს, თუმცა ისიც, რომ არ არის გაუარესება, ესეც დადებითად შეიძლება განვიხილოთ,“ - ამბობს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი.

სამივე ინფიცირებული 3 თვემდე ჩვილია, ერთი - აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოიყვანეს, სწორედ მას დაუდასტურდა ე.წ ინდური შტამი. ბავშვები კლინიკაში რესპირაციული გართულებებით შეიყვანეს.

"რესპირაციული დისტრესი იყო გამოხატული, სუნთქვა იყო გაძნელებული და შესაბამისად, სატურაცია, სისხლის ჟანგბადით მომარაგება იყო დარღვეული. მთავარი განმაპირობებელი არის ეს, რის გამოც არიან ეს პაციენტები ხელოვნური სუნთქვის აპარატზე" - თქვა ციციშვილის კლინიკის დირექტორმა.

10 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 33 629 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 364 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 423 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.06%, ბოლო 14 დღის - 3.67%, ბოლო 7 დღის - 4.07%.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 504, საიდანაც 3 364 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 909 პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება, ხოლო 8 231 პირი - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 694 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 376 200 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 358 227 გამოჯანმრთელდა, 5 443 გარდაიცვალა.

კომენტარები