კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ე.წ ინდური შტამი კლინიკურად უფრო მძიმეა, ბავშვებში მშობლებისგან ვრცელდება

როგორც მთლიანად ევროპის ქვეყნებში, მათ შორის ჩვენთანაც თანდათან მატულობს დელტა შტამის ცირკულაცია. ჩვენ გლობალური სამყაროს წევრი ვართ, გახსნილია საზღვრები, არის მიმოსვლა თვითმფრინავით თუ სახმელეთო საზღვრებით, ამიტომ ვერ დავიცავთ იმისგან, რომ არ შემოვიდეს და პროგნოზიც ასეთია, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვისტოს ბოლოს დელტა შტამი მთლიანად ჩაანაცვლებს ევროპაში მოცირკულირე ბრიტანულ შტამს.

ჩვენთან გასულ კვირას 25 დამატებითი შემთხვევა გვქონდა, დღეს გვაქვს 52 დადასტურებული შემთხვევა და ამას დაემატა კიდევ ერთი – ბავშვია, მძიმე მდგომარეობაში, აფხაზეთიდან გადმოყვანილი. გიდასტურებთ სპეციფიკური PCR ტესტით და ახლა გაშვებულია სეკვენირებაზე, დადასტურებულია დელტა შტამი. მეორე ბავშვს აქვს ალფა, ანუ ე.წ. ბრიტანული შტამი.

მოგეხსენებათ, ბავშვებში დელტაც და ალფაც, ანუ ბრიტანული შტამი უფროა ადვილად ვრცელდება. ერთადერთია, რომ დელტა კლინიკურად შედარებით უფრო მძიმედ მიდის. ბავშვებში გადადების მთავარი წყარო არიან მშობლები. ამიტომ, მთავარი რეკომენდაციაა, რომ ყველა მშობელი იყოს ორჯერადად აცრილი, რომ შვილებს ინფექცია არ მიუტანონ.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ვებინარზე ქვეყანაში ე.წ ინდური შტამის ცირკულაციაზე საუბრისას. ბოლო მონაცემებით, საქართველოში დელტა [ინდური] შტამით ინფიცირების 53 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები