ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება დაცულია, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ, როდესაც პრაიდთან დაკავშირებით შეკითხვა დამისვეს და ჩემი მოსაზრება გამოვთქვი, რომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად პრაიდის ჩატარება, ვერ წარმოიდგენთ რამხელა აგრესია მოჰყვა ამას. არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ვერასდროს ვერავინ ნახავს ჩემს ჰომოფობიურ განცხადებებს.
მოდით, შევხედოთ რეალობას, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ, საზოგადოების ნაწილი არიან. წლების წინაც ასე იყო, ეს ადამიანები დღესაც არსებობენ და ალბათ, მომავალშიც იარსებებენ. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც ჩვენ ვართ – ორი ხელი აქვთ, ორი ფეხი, მუშაობენ, თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო არავინ აგდებს სამსახურიდან და ისევე სარგებლობენ იმ პროგრამებითა და სერვისებით, როგორც ჩვენ, ყველანი.