თამარ ჟვანიას გადადგომა

NGO-ები ცესკოზე: აუცილებელია, თავმჯდომარის არჩევა წარიმართოს ღიად და გამჭვირვალედ

არჩევნებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელეს, სადაც ხაზი გაუსვეს იმას, რომ ვაკანტურ თანამდებობებზე ისეთი კანდიდატები უნდა შეირჩნენ, რომლებიც ნდობას გაზრდიან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ.

განცხადებაში ასევე წერია, რომ თამარ ჟვანიას გადადგომამ შეიძლება "მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი 2021 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობის ამაღლებას".

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინირებამ, კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულმა დისბალანსებმა და მათზე რეაგირების ნაკლოვანმა პრაქტიკამ, აგრეთვე, საარჩევნო დავების არასათანადოდ განხილვამ მნიშვნელოვნად შეამცირა საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა. სწორედ აღნიშნულმა განაპირობა საარჩევნო რეფორმის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილების საჭიროება, რაც ცესკოს წევრების მაღალი ლეგიტიმაციის საფუძველზე შერჩევას გულისხმობს. 

ამ ფონზე აუცილებელია ცესკოს ახალი თავმჯდომარისა და სხვა პროფესიული წევრების ვაკანტურ პოზიციებზე ისეთი კანდიდატების შერჩევა, რომლებიც გაზრდიან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას, რითაც  საარჩევნო რეფორმის ეფექტურ იმპლემენტაციას შეეწყობა ხელი. ამასთან, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და მიუკერძოებელი კანდიდატურების შერჩევა  საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს შორის მაქსიმალური კონსესუსის საფუძველზე მოხდეს. 

აუცილებელია, რომ განსაკუთრებით ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი წარიმართოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ. მომავალი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა სწორედ საარჩევნო კომისიების მიერ გაწეული სამუშაოს მიმართ არსებულ საზოგადოებრივ ნდობაზე იქნება დამოკიდებული. ამ გზით ქვეყანა თავიდან აიცილებს ისეთ პოლიტიკურ კრიზისს, როგორიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარდა". – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)
  • ღია საზოგადოების ფონდი

დღეს, 30 ივნისს, თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან გადადგა. მან დაწერა, რომ ის არ მიდის პოლიტიკაში და არც რომელიმე სახელმწიფო თანამდებობაზე.

კომენტარები