პრაიდის კვირეული

ლომჯარია პრაიდზე: თუ შეკრებას ხელს შეუშლიან, პოლიციას რეაგირება უნდა ჰქონდეს

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პრაიდის კვირეულზე საუბრისას ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფები სხვის გამოხატვის თავისუფლებაში ჩაერევიან, სამართალდამცავ უწყებებს რეაგირება უნდა ჰქონდეთ. 

"საქართველოს კონსტიტუცია აძლევს უფლებას ყველა პირს, რომ მშვიდობიანი ფორმით გავიდეს ქუჩაში და თქვას თავისი სათქმელი - ისარგებლოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, როგორც პრაიდს, ასევე, კონტრაქციასაც აქვს უფლება, გამოხატოს თავისი სათქმელი, ოღონდ ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი. 

იმ შემთხვევაში, თუ ცალკეული ჯგუფი შეეცდება, რომ ჩაერიოს სხვის გამოხატვის თავისუფლებაში ან ხელი შეუშალოს შეკრებას, რა თქმა უნდა, ეს არ არის დაცული კონსტიტუციით, ეს იქნება სამართალდარღვევა და პოლიციამ და სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა მოახდინონ ამ ყველაფერზე რეაგირება". – ამბობს ლომჯარია.

პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება. 

კომენტარები