ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი მიიჩნევს, რომ 2021 წლის სექტემბრიდან თანამგზავრული ინტერნეტის პროექტი Starlink-ი მსოფლიოს მასშტაბით უწყვეტი ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფას შეძლებს. ამის შესახებ SpaceX-ის პრეზიდენტმა, გვინ შოტველმა, ისაუბრა.
"ჩვენ წარმატებით გავუშვით დაახლოებით 1 800 თანამგზავრო და როგორც კი ისინი გავლენ სამუშაო ორბიტაზე, ჩვენ გვექნება უწყვეტი, გლობალური დაფარვა. ეს დაახლოებით სექტემბერში უნდა მოხდეს". – თქვა შოტველმა Macquarie Group-ის ტექნოლოგიურ კონფერენციაზე.
SpaceX-ის პრეზიდენტის განმარტებით, ამის შემდეგ კომპანია მარეგულირებელ ორგანოებთან დაიწყებს თანამშრომლობას, რათა შევიდეს ყველა ქვეყანაში და მოილაპარაკოს ტელეკომუნიკაციური სერვისის მიწოდებაზე.
მაისში SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა თქვა, რომ Starlink-მა 500 000-ზე მეტი წინასწარი შეკვეთა მიიღო თავის ინტერნეტ-სერვისზე.
2020 წლის ოქტომბერში SpaceX-მა Starlink-ის ბეტა ტესტირება დაიწყო, რომელშიც, კომპანიის პრეზიდენტის თანახმად, 11 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.