ვაქცინაცია

რესპუბლიკურში მისული მოქალაქეები AstraZeneca-ს ამოწურვის გამო მეორე დოზით ვერ აცრეს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზის გასაკეთებლად მისული მოქალაქეების აცრა ვერ მოხერხდა. კლინიკაში ვაქცინა ამოიწურა. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მიზეზად ლოჯისტიკური პრობლემა დაასახელა.  მისივე თქმით, რეგიონებიდან პრეპარატის გადმოგზავნის შემდეგ შეფერხება აღმოფხვრილია. 

"პასუხისმგებლობა ჩვენი, ყველასია. ვიზიარებთ ამ პასუხისმგებლობას, რაც მოხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მოვახდინეთ მობილიზება ქუთაისიდან, გორიდან, მცხეთიდან გარკვეული ნამატი დოზების რაც იყო და ვინც რესპუბლიკურში დღეს იყო ჩაწერილი, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მიიღებს შესაბამის მეორე დოზას". – თქვა ამირან გამყრელიძემ. 

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ ვაქცინების შესყიდვის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

"ეტაპობრივად ჩვენთვის გახდება ცნობილი თარიღები, რომელსაც საზოგადოებისთვის გავასაჯაროვებთ, რომელ კონკრეტულ რიცხვებში მივიღებთ ვაქცინების ფართო ასორტიმენტს". – თქვა მინისტრმა. 

აღნიშნულს გამოეხმაურა ოპოზიციაც. ევროპული საქართველოს წევრი, ვახო კალოიანი, ამბობს, რომ მსგავსი შეფერხებები პროცესის სანდოობას დიდ დარტყმას აყენებს. 

"ეს არის ნიშანი ძალიან მარტივი, ტექნიკური მოუწესრიგებლობის და, რა თქმა უნდა, ამის თავი და თავი არის ვაქცინების დეფიციტი. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ვაქცინა და ხელისუფლებას უწევს გარკვეული კომბინაციების ჩატარება და ეს იწვევს მთელ ამ ხარვეზებს და გაუთვალისწინებელ გაუგებრობას". – აღნიშნავს კალოიანი. 


ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, ივლისი-ოქტომბრის პერიოდში ქვეყანაში ვაქცინების 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზას მიიღებს.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა 15 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 13 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა შემოვიდა. 6 მაისს საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის კიდევ 43 000 დოზა ჩამოვიდა. ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება 55 წლის ნაცვლად, 45 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება.

კომენტარები