კათოლიკე ქართველებ

კათოლიკე ახალგაზრდები პრეზიდენტს: ცარიელი და უშედეგო იყო თქვენი ვიზიტი ვატიკანში

კათოლიკე ქართველები 

"მაშინ, როცა ასეთი ზარ-ზეიმით აღნიშნეთ პაპის საჩუქარი, [..]  ნუთუ არ გაგახსენდათ ის, რომ თქვენი პრეზიდენტობის რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ერთხელაც არ გაგხსენებივართ". - საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართავს: 

"მოგესალმებით, ქალბატონო პრეზიდენტო,

ვხედავთ, თქვენი ვიზიტი ვატიკანში წარმატებული გამოდგა რომში მცხოვრები მართლმადიდებლებისთვის, თუმცა ჩვენთვის, საქართველოში მცხოვრები კათოლიკეებისთვის, უშედეგო და ცარიელი! მაშინ, როცა ასეთი ზარ-ზეიმით აღნიშნეთ პაპის საჩუქარი, ნუთუ არ გაგახსენდათ ქართველი კათოლიკეების ის ექვსი ტაძარი, რომლებსაც საპატრიარქო დღემდე არ გვიბრუნებს, ნუთუ არ გაგახსენდათ ის, რომ თქვენი პრეზიდენტობის რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ერთხელაც არ გაგხსენებივართ, როცა დიდი სიამაყით უცქერდით ვატიკანის არქივში დაცულ მასალებს საქართველოს შესახებ, მაშინ იქნებ გეფიქრათ, რას შეინახავენ 100 წლის შემდეგ, ალბათ იმას, რომ ჩვენ ქართველი კათოლიკეებს ისე გვექცევიან, თითქოს სტუმრები ვიყოთ ჩვენსავე სამშობლოში! დიახ სტუმრები, უუფლებო სტუმრები, რომლებსაც არც ძველ ეკლესიებს უბრუნებენ, არც ახლის აშენების უფლებას აძლევენ, და არც იმას უკანონებენ, რაც მათია. (აქ შევჩერდებით, ყველა პრობლემის ჩამოთვლას რამდენიმე სქელტომიანი ნაშრომი დასჭირდება)

ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ, ქართველი კათოლიკეები, აი იმ დიდი წინაპრების შთამომავლები ვართ, რომელთა ღვაწლი თქვენთვის კარგადაა ცნობილი, იმედია, გახსოვთ ფალიაშვილი, ზუბალაშვილები, ოცხელები, მელიქიშვილი და სხვა მრავალნი.

პაპის საჩუქარი, რომელმაც ამხელა სიხარული გამოიწვია, თქვენთვის, ჩვენი მთავრობისთვის, ჩვენი საპატრიარქოსთვის, ვფიქრობთ მინიშნებაა, იმედს ვიტოვებთ, თქვენ მიხვდებით, რისი თქმა უნდოდა პაპს თქვენთვის!

პატივისცემით ქართველი კათოლიკე ახალგაზრდები". - ვკითხულობთ წერილში.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 16 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ვატიკანში გაემგზავრა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის აუდიენცია პაპ ფრანცისკესთან.

გუშინ, 17 ივნისს ვატიკანში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველი, ისტორიული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრისას რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა, მათ შორის, საქართველო-ვატიკანის მუდმივმოქმედი სამეცნიერო საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც ძველი ქართული ქრისტიანული ლიტერატურის თარგმანს განახორციელებს.  

კომენტარები