კორონავირუსი და შეზღუდვები

ომბუდსმენი: მთავრობას კომენდანტის საათის გარდაუვალი საჭიროების დასაბუთება არ წარუდგენია

შსს

საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში საუბარია კორონავირუსის შემთხვევების მატების პრევენციის გამო დაწესებულ გადაადგილების შეზღუდვაზე. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ 2021 წლის მარტში რიგი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, საქართველოს მთავრობას არ წარუდგენია კონკრეტულ მეცნიერულ მეთოდზე დაფუძნებული დასაბუთება, თუ რატომ დარჩა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის დატოვების გარდაუვალი საჭიროება.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, უწყებათაშორისმა საბჭომ დაასაბუთოს და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების შეკავებაზე.

სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე საუბარია იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელებზე. ომბუდსმენი უარყოფითად აფასებს ფაქტს, რომ სასამართლომ დროულად არ განიხილა კომენდანტის საათის კონსტიტუციურობის საკითხი, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ COVID-19-ის გავრცელებით შექმნილი ვითარება სასამართლოს არ აბრკოლებდა, საქმე დისტანციური სამართალწარმოების მეშვეობით განეხილა.

"აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული იყო იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით განსაზღვრული გადაადგილების უფლების შეზღუდვა. მოსარჩელე მხარე უფლების შეზღუდვის ფორმალური მოთხოვნების პრობლემურობასთან ერთად, მიიჩნევდა, რომ დაწესებული შეზღუდვა არ იყო უფლების შეზღუდვის თანაზომიერი საშუალება, მაგრამ სასამართლომ სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღო, მიზეზი კი სადავო ნორმაში შესული ცვლილებები გახდა. COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები და გასაჩივრებული ნორმატიული აქტები დღემდე სწრაფი დინამიკით იცვლება, მაგრამ თავად საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც კონსტიტუციური კონტროლის ორგანო, ვალდებულია, დააზღვიოს ეს რისკი და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დროულად დაიცვას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი დროებით ღონისძიებას ეხება". – ნათქვამია ანგარიშში. 

2020 წლის 31 მარტს საქართველოში გამოცხადდა მკაცრი საკარანტინო ღონისძიებები, რაც მთავრობის მხრიდან მაქსიმალურად გამკაცრებული შეზღუდვების მიღებას, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობის ვადით კომენდანტის საათის დაწესებას გულისხმობდა. შესაბამისად, აიკრძალა 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.

შემდგომში, 2020 წლის 9 ნოემბერს, ქვეყნის დიდ ქალაქებში, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე, აიკრძალა გადაადგილება. უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან იგივე შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა, ამჯერად 21:00 საათიდან 05:00 საათამდე. ამ დროიდან დაწესებული გადაადგილების უფლების შეზღუდვა დღემდე ნარჩუნდება მთელი ქვეყნის მასშტაბით 23:00-დან 04:00 საათამდე. 

მთავრობისთვის პანდემიის გამო შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესების უფლებამოსილების გაგრძელება კიდევ 6 თვით, 2022 წლის 1-ელ იანვრამდე იგეგმება.

კომენტარები