COVID-19-ის ვაქცინა

PFIZER-ის CEO: მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას 2022 წლის ბოლოს დაუბრუნდება

ალბერტ ბურლა

კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ CNBC-ის ინტერვიუში თქვა, რომ განვითარებული სახელმწიფოები ნორმალური ცხოვრების რეჟიმს 2021 წლის ბოლოს, ხოლო მსოფლიოს დანარჩენი ნაწილი, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოს დაუბრუნდება. 

ბურლას აზრით, წლის ბოლომდე განვითარებული სახელმწიფოები შეძლებენ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას, 2022 წელს კი მთელი მსოფლიოს მოსახლეობისათვის საკმარისი ვაქცინების რაოდენობა იქნება ხელმისაწვდომი. 

Pfizer-BioNTech-მა გასულ კვირას ახალ ისტორიულ ნიშნულს, კერძოდ, ვაქცინის მემილიარდე დოზის წარმოებას მიაღწია.

Pfizer-ის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ კომპანია წლის ბოლომდე 3 მილიარდი დოზის წარმოებას შეძლებს. 

The Economist-ის კვლევითი ცენტრის პროგნოზი ნაწილობრივ იზიარებს ბურლას მოსაზრებას. მათი ანგარიშის მიხედვით, განვითარებული ქვეყნების უდიდესი ნაწილი მოსახლეობის 60-70%-ის აცრას 2021-2022 წლებში შეძლებს, თუმცა არსებობს მეოთხე კატეგორიის ქვეყნებიც, რომლებიც ამ შედეგების მიღწევას 2023 წლამდე ვერ მოახერხებენ. 

ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველო სწორედ ამ კატეგორიის ქვეყნების სიაში შედის. 
 

კომენტარები