ბოკერია: ყველამ უნდა ვიცოდეთ, როგორ განიკარგება საქართველოს მოქალაქეთა ქონება

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რკინიგზა აუდიტის სამსახურს შესაბამისი სააუდიტო საქმიანობის ნებართვას არ აძლევს.

ბოკერიას თქმით, ის რაც ამ ეტაპზე სახელმწიფო ქონებაა, იქ ყველას უნდა ჰქონდეს ეფექტური ინსტრუმენტი იმისათვის, რომ იცოდნენ, როგორ განიკარგება ეს ქონება. ბოკერიამ აღნიშნა, რომ თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, ეს იქნება იმის დემონსტრირება, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ფეოდალურ  წარმონაქმნებად მოხდა დაყოფა იმ სახელმწიფო საწარმოების, რომელთა მეპატრონეც არის საზოგადოება.

"იქ, სადაც ქონებას ფლობენ საქართველოს მოქალაქეები, ანუ ის რაც არის სახელმწიფო ქონება, ამ ეტაპზე მაინც, იქ ჩვენ ყველას უნდა გვქონდეს ეფექტური ინსტრუმენტი, რომ ვიცოდეთ, თუ როგორ განიკარგება ეს ქონება და ხომ არ ხდება ამ ქონების გამოყენება ან საზიანოდ ჩვენი საერთო ინტერესებიდან, ან კორუფციისათვის, ან ნეპოტიზმისთვის.

ამიტომ, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, რომ რკინიგზა უბრალოდ არ უშვებს სახელმწიფო აუდიტს, ეს არის პირდაპირ დარღვევა ამ პრინციპის და არის დემონსტრირება იმის, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში რაღაც ფეოდალურ წარმონაქმნებად მოხდა დაყოფა იმ სახელმწიფო საწარმოების, რომელთა მეპატრონეც არის ჩვენი საზოგადოება და რომელიც არ არის ამ ეტაპზე კერძო". – განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები