პრაიდის კვირეული

GDI ვასაძის განცხადებაზე: ხელისუფლება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს არ იძიებს

agora.ge

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) პუტინისტი პოლიტიკოსის, ლევან ვასაძის სიძულვილის წამახალისებელ და ჰომოფობიურ განცხადებას გმობს. ლევან ვასაძემ 15 ივნისს ხელისუფლებას პრაიდის კვირეულის გაუქმებისთვის 10-დღიანი ვადა მისცა.

GDI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით დაცული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომლითაც სარგებლობა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველასთვის არადისკრიმინაციულად, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა თუ სხვა ნიშნისა. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოება.

"სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ამ ვალდებულებას არ ასრულებს, რის გამოც ლგბტ+ თემის წარმომადგენლებს უკვე წლებია, არ ეძლევათ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეალიზების შესაძლებლობა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში. ხელისუფლება სათანადო ღონისძიებებს არ ატარებს ლევან ვასაძის, სხვა სიძულვილის ჯგუფების და ზოგადად ჰომოფობიური და სიძულვილის წამახალისებელი განცხადებების/ძალადობრივი ქმედებების საპასუხოდ და არ ახორციელებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტურ გამოძიებას. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ყოველწლიურად ჰომოფობიური დაჯგუფების ლიდერები და წევრები ღიად იმუქრებიან და აანონსებენ თავდასხმებს ლგბტ+ თემის წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებზე". – წერია განცხადებაში.

GDI მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, გამოიჩინონ პოლიტიკური ნება და გაატარონ პრევენციული ღონისძიებები ღირსების მარშის გამართვამდე, მათ შორის დაიწყონ გამოძიება ყველა დანაშაულის შემცველი შემთხვევის მიმართ, ხოლო დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში უზრუნველყონ თითოეული აქტივისტის უსაფრთხოება.

განცხადების თანახმად, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მონიტორინგს გაუწევს სახელმწიფო უწყებების მიერ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს და აღმოუჩენს სამართლებრივ მხარდაჭერას კვირეულის ორგანიზატორებს.


თბილისი პრაიდის ცნობით, პირველიდან ხუთ ივლისის ჩათვლით პრაიდის კვირეული მოეწყობა, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები, 5 ივლისს კი – ღირსების მარში.

15 ივნისს, პუტინისტმა პოლიტიკოსმა, ლევან ვასაძემ ხელისუფლებისგან პრაიდის კვირეულის გაუქმება მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვასაძე კონტრაქციით იმუქრება. ვასაძე ამბობს, რომ პრაიდის კვირეულის ჩატარება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საფრთხეს უქმნის.

კომენტარები