ISFED-ის შეფასება

თალაკვაძე ISFED-ის შეფასებაზე: ელფერებით არ ვილაპარაკოთ, გრეის 50 თუ 100 ელფერი – კინოში არ ვართ

პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე სამართლიანი არჩევნების წინასაარჩევნო შეფასებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ელფერებით არ უნდა ვილაპარაკოთ". მისი თქმით, არ წერია არც კონსტიტუციაში, არც კანონში, რომ 3 თვის განმავლობაში პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მერები უნდა გაჩერდნენ, გავიდნენ ცალკე ოთახში და მერე დაბრუნდნენ, როცა არჩევნები მორჩება.

ამის შესახებ თალაკვაძემ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა. 

"ჩემთვის მართლა მოულოდნელია ეს განწყობა და ასეთი ტიპის განცხადება. ვთქვათ, დავინტერესდით ამ შეფასებით, ამ კრიტიკის საპასუხოდ რას ელოდება სამართლიანი არჩევნები, რომ მთელი პოლიტიკური ისთებლიშმენტი, ყველა ვინც ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ დღეს ვართ თანამდებობებზე, ვისაც გვევალება, რომ ყოველ დღე ვიმუშაოთ იმ საკითხებზე, რაც საზოგადოებასა და ქვეყანას სჭირდება, ახლა გავიდეთ ცალკე ოთახში, ჩავიკეტოთ და სანამ არჩევნები არ დამთავრდება, პროექტებს ჩვენ საერთოდ აღარ შევეხოთ? გავაჩეროთ ყველაფერი და არჩევნები რომ დამთავრდება, მერე განვაახლოთ ქვეყნის განვითარება?". - ამბობს თალაკვაძე. 

მისივე თქმით, სამართლებრივად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ვერ მოხდება თუ საარჩევნო კამპანია არ არის დაწყებული.

"საარჩევნო კამპანიის დაწყებას აქვს თავისი კანონიერი საფუძვლები და არჩევნების თარიღი და პერიოდიც არის კანონით განსაზღვრული. შესაბამისად, ახლა მითხარით, მაგალითად, ივნისში რატომ ითვლება საქმისა და პროექტების კეთება, რესურსის გამოყენებად და ვთქვათ თებერვალში რომ რაღაც საქმეებს აკეთებდა ხელისუფლება, ის რატომ არ ითვლება? იმიტომ, რომ თებერვალშიც არ იყო და დღესაც არ არის კამპანია დაწყებული. ელფერებით არ უნდა ვილაპარაკოთ, გრეის 50 ელფერი თუ იმის 100 ელფერი - კინოში არ ვართ, ვართ პოლიტიკაში და არის სამართლებრივი ჩარჩო ამ ქვეყანაში, რომელიც ამბობს, როდის იწყება კამპანია, როდის ტარდება არჩევნები და ასევე, ამბობს, რომ მთავრობამ უნდა იმუშაოს ყოველდღიურ რეჟიმში". - ამბობს თალაკვაძე. 

დღეს, 15 ივნისს, არჩევინებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შეფასების დოკუმენტი წარადგინა

"მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა, პოლიტიკურმა ძალებმა ამომრჩევლებთან შეხვედრები და აგიტაცია უკვე დაიწყეს. ამ მხრივ, განსაკუთრებით მმართველი პარტია აქტიურობს, რომელსაც ხელი მიუწვდება ადმინისტრაციულ რესურსზეც. ქართული ოცნების კამპანიის მასშტაბზე აშკარად მიუთითებს უკვე დაანონსებული მრავალმილიონიანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. ტრადიციისამებრ, ამ პროექტების შესრულება წინასაარჩავნო კამპანიის აქტიურ ფაზას ემთხვევა". - ვკითხულობთ ანგარიშში. 

კომენტარები