ვლადიმირ პუტინი

კვლევა: მსოფლიოში პუტინის მიმართ ნდობა 22%-მდე შემცირდა

ვლადიმირ პუტინი
NBC

Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ ნდობა შემცირდა.

კვლევა 17 განვითარებული ეკონომიკის ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში ჩატარდა. საშუალოდ გამოკითხულთა 22%-ს არ აქვს პუტინის ნდობა, რომ მსოფლიო მასშტაბის საკითხებთან დაკავშირებით ის სწორად მოიქცევა. 2020-წელთან შედარებით ნდობა 1%-ით არის შემცირებული.

საშუალოდ 45% სრულიად არ ენდობა ვლადიმირ პუტინს, ხოლო 29% - ნაკლებად ენდობა.

პუტინის მიმართ ნდობა ყველაზე მაღალია საბერძნეთსა და სინგაპურში - 55%, ხოლო ყველაზე დაბალია შვედეთში - 14% და აშშ-ში - 16%.

Pew Research Center-ის თანახმად, პუტინის მიმართ უარყოფითი შეხედულებები ისტორიულად ყველაზე გავრცელებულია.

აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, 12 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში ახალგაზრდა რესპონდენტები პუტინის მიმართ მეტი ნდობით გამოირჩევიან.

ცენტრის თანახმად, ასაკობრივ ჯგუფებს შორის განსხვავებები პუტინთან დამოკიდებულებაში წარსულშიც შეიმჩნეოდა. რუსეთის მიმართ დადებითი განწყობაც ახალგაზრდებში უფრო ძლიერია, ვიდრე უფროსი ასაკის ადამიანებში.

კვლევის თანახმად, ზოგიერთ ქვეყანაში კაცები ქალებზე მეტ ნდობას გამოხატავენ პუტინის მიმართ. გარდა ამისა, ევროპის ქვეყნებში, როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე პოპულისტური პარტიების მხარდამჭერებში პუტინის ნდობა უფრო მაღალია, ვიდრე მათში, ვინც ასეთ პარტიებს მხარს არ უჭერს. აშშ-ში რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერები უფრო დადებითად არიან რუსეთის პრეზიდენტის მიმართ განწყობილები, ვიდრე დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერები.

ცენტრის თანახმად, უფრო ზოგადი ტენდენციით, პუტინის მიმართ ნდობა უფრო მაღალია იმათში ვინც იდეოლოგიურად მარჯვნივ იხრება, ვიდრე მათში, ვინც იდეოლოგიურად მარცხნივ იხრება.

კვლევა 16 ქვეყანაში 12 მარტიდან 26 მაისამდე პერიოდში სატელეფონო გამოკითხვით ჩატარდა, გამოიკითხა 16 254 სრულწლოვანი. აშშ-ში გამოკითხვა ინტერნეტის საშუალებით ჩატარდა. 1-7 თებერვლის პერიოდში გამოიკითხა 2 596 ადამიანი.

კომენტარები