მაგთიკომი კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ

მაგთიკომი საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართავს და რეაგირებას სთხოვს

მაგთიკომი

სატელეკომუნიკაციო კომპანია მაგთიკომი საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართავს, სადაც, კომპანიის განცხადებით, ასახულია მაგთიკომის საჯარო განცხადებები - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არაკომპეტენტურ, ყალბი ინფორმაციით გაჯერებულ 2020 წლის ანგარიშზე და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ბატონი კახა ბექაურის ქმედებებზე.

წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ კახაბერ კუჭავას, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით სონღულაშვილსა და პარლამენტის სხვა წევრებს მიემართება და კომუნიკაციის კომისიის ქმედებებზე რეაგირებას ითხოვს.

დოკუმენტის თანახმად, კომუნიკაციების კომისია უკიდურესად დაპირისპირებულია დარგში მოღვაწე თითქმის ყველა სუბიექტთან. დარგში მოღვაწე კომპანიები გაუთავებელ სასამართლო დავებში იმყოფებიან კომუნიკაციების კომისიასთან. არაკომპეტენტურობა, ტყუილი, დაუმსახურებელი სანქცირება (უკანონო გადაწყვეტილებები) და შერჩევითი სამართალი გახდა ნორმა/ სტილი კომისიის მუშაობისა. მის ხელში დარგი ნადგურდება, მას არ ესმის დარგის მნიშვნელობა, კიბერუსაფრთხოება თუ ეკონომიკის პრინციპები. კიბერუსაფრთხოების გაზრდილი რისკების უგულებელყოფამ შეიძლება პარალიზებამდე მიიყვანოს ქვეყანა, იქნება ეს თავდაცვა, ჯანდაცვა, განათლება, საბანკო-საფინანსო სექტორი, ვაჭრობა, ტურიზმი თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. 

მაგთიკომში ასევე მიაჩნიათ, რომ 2017-2018 წლებში საქართველოს ბაზრიდან ორი უდიდესი საერთაშორისო ინვესტორი კომპანიის(თელია სონერა და მეტრომედია) გასვლა სწორედ კომუნიკაციების კომისიის არაპროგნოზირებად გადაწყვეტილებებს უკავშირდება. 

წერილში ასევე მოყვანილია მტკიცებულება, კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის უარყოფითი შეფასებების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. კერძოდ, ავტორების მიხედვით, კომისიის უსუსური გადაწყვეტილებები გახდა საბაბი, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში საქართველოზე, კომუნიკაციების კომისია ნეგატიური კუთხით მოხვდა. ამას გარდა, ცნობილია ვენეციის კომისიის ნეგატიური დასკვნები კომუნიკაციების კომისიის ავტორობით შექმნილ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ფრიდომ ჰაუსის ანგარიშში კი კომუნიკაციების კომისიის ქმედება უარყოფითად არის შეფასებული. 

დოკუმენტში კომპანიის მხრიდან შემდეგი კითხვაა დასმული:

კიდევ რა უარყოფითი უნდა მოახერხოს ამჟამინდელმა კომისიამ დარგის გასანადგურებლად?!

წერილის ბოლოს, მაგთიკომი მოუწოდებს პარლამენტის წევრებს, შეაფასონ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობა, დადებითია თუ უარყოფითი, ხოლო კომისიის თავმჯდომარე ბატონი კახა ბექაური იმსახურებს თუ არა ნდობას. 

კონკრეტულად რა საკითხებში სდებს ბრალს მაგთიკომი კომუნიკაციების კომისიას, შეგიძლიათ იხილოთ აქ.


9 ივნისს, კომპანია მაგთიკომი კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის ანგარიშს გამოეხმაურა და დოკუმენტს არაკომპეტენტური, ყალბი ინფორმაციით გაჯერებული უწოდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარიში საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას, ყალბი ინფორმაციის ტირაჟირებასა და კომპანიების დისკრედიტაციას ემსახურება.

კომენტარები