აშშ-რუსეთი

პუტინი: რუსეთი აშშ-ს კიბერდამნაშავეებს იმ შემთხვევაში გადასცემს, თუ აშშ იმავეს გააკეთებს

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი მზად იქნება, აშშ-ს კიბერდამნაშავეები გადასცეს, თუ ვაშინგტონი იმავეს გააკეთებს და მხარეები დამნაშავეების ექსტრადირებაზე შეთანხმდებიან.

კიბერუსაფრთხოების საკითხს ვლადიმირ პუტინი NBC News-სთან ინტერვიუს დროს შეეხო. 

"თუ შევთანხმდებით დამნაშავეების ექსტრადიციაზე, მაშინ, რა თქმა უნდა, რუსეთი ამას გააკეთებს, მაგრამ ამას გავაკეთებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე - ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები - დათანხმდება, იგივე გააკეთოს და დამნაშავეები რუსეთის ფედერაციას გადასცეს. [..] კიბერუსაფრთხოების საკითხი ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა სისტემის გათიშვამ შესაძლოა, ძალიან რთულ შედეგებამდე მიგვიყვანოს". - თქვა პუტინმა.

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს 16 ივნისს ჟენევაში შეხვდებიან. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის ელის, რომ შეხვედრა ორმხრივი დიალოგის და პერსონალური კონტაქტების განახლების შესაძლებლობას შექმნის, ხოლო მნიშვნელოვან საკითხებს შორის იქნება სტრატეგიული სტაბილურობა, ლიბია, სირია და გარემოს დაცვის პრობლემები.

თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენი შეხვედრისას კიბერუსაფრთხოების საკითხსაც დააყენებს, რომელიც აშშ-ს უდიდეს მილსადენი, კოლონიური მილსადენი და მსოფლიოში ხორცპროდუქტების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია JBS-ი რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფების კიბერშეტევის სამიზნე გახდა.

კომენტარები