Nord Stream 2

პუტინი: "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პირველი ხაზის დასრულებისთვის 10 დღე არის საჭირო

ვლადიმირ პუტინი
kremlin.ru

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენის პირველი ხაზის დასრულებას დაახლოებით 10 დღე სჭირდება. თქვა მან ამის შესახებ პარასკევს, 4 ივნისს, პლენარულ სხდომაზე. 

"ახლა რამდენიმე დღეა საჭირო იმისთვის, რომ ორი მილი ერთმანეთთან ახლოს მივიდეს, გათვლითი სამუშაოები დასრულებულია. ახლა საჭიროა ორი მხრიდან ეს მილები აიწიოს, გერმანული და რუსული ნაპირებიდან მოტანილი მილები უნდა შედუღდეს და მორჩა. ალბათ 10 დღე მაინც დასჭირდება". – ამბობს პუტინი. 

პუტინის თქმით, გაზპრომი უკვე მზად არის ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის და ყველაფერი გერმანულ მხარეზეა დამოკიდებული. ასევე, მან თქვა, რომ მეორე ხაზის დასრულებას 1-2 თვე დასჭირდება. 

აშშ წლების მანძილზე ეწინააღმდეგებოდა გაზსადენის დასრულებას, თუმცა გასულ თვეში, Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტზე მომუშავე კომპანიის, Nord Stream 2 AG-ს აღმასრულებელ დირექტორს, გერმანიის მოქალაქე მათიას ვარნიგს სანქციები ეროვნული ინტერესების გამო არ დაუწესეს.

სანაცვლოდ, აშშ-მ სანქციები დაუწესა გაზსადენის მშენებლობაში ჩართულ 13 გემს.

სანქციებთან დაკავშირებით, მაისში კომენტარი გააკეთა ჯო ბაიდენმა.

"ეს უკვე თითქმის სრულიად დასრულებულია. არაა ისე, რომ გერმანიისთვის რამის გაკეთების ან არგაკეთების უფლების მიცემა შემიძლია...  ახლა წინ წასვლა და სანქციების დაწესება, ვფიქრობ, კონტრპროდუქტიული იქნებოდა ჩვენი ევროპული ურთიერთობების თვალსაზრისით". – თქვა ჯო ბაიდენმა.

გასულ თვეებში ბაიდენი და ბლინკენი აქტიურად აღნიშნავდნენ, რომ Nord Stream 2-ის პროექტი საფრთხეს უქმნის ევროპის ენერგოპოლიტიკასა და უკრაინა-პოლონეთის ეკონომიკურ-სტრატეგიულ მდგომარეობას. 

"ეს პროექტი არღვევს ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის პრინციპებს, საფრთხეს უქმნის უკრაინასა და პოლონეთის ეკონომიკურ და სტრატეგიულ მდგომარეობას. ბაიდენი ეწინააღმდეგება ამ პროექტს". – თქვა ენტონი ბლინკენმა 2021 წლის მარტში.

 

კომენტარები