აზერბაიჯანი

2 აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ნაღმზე აფეთქდა, ბაქო პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს

დღეს, 4 ივნისს, აზერბაიჯანში, ქალბაჯარის რაიონში, რომელიც სომხეთს ესაზღვრება, ორი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი AzTv-ს ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და AZƏRTAC-ის თანამშრომელი მაჰერამ იბრაჰიმოვი ნაღმზე აფეთქდნენ. ორივე ჟურნალისტი გარდაიცვალა .

ჟურნალისტები შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. აზერბაიჯანული მედიის მიხედვით, გადამღები ჯგუფის მანქანა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. ორი დაღუპული ჟურნალისტის გარდა, არის 4 დაშავებულიც. 

AZƏRTAC-მა მედიის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. მიმართვაში მათ ხაზი გაუსვეს ფაქტს, რომ ამ რეგიონში ნაღმები სომხეთის შეიარაღებული ძალებისა და მათი მხარდაჭერილი სეპარატისტების განთავსებული იყო. 

აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში მყოფ ქალბაჯარის რაიონზე კონტროლი 2020 წლის კონფლიქტის შემდეგ აღადგინა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე პასუხისმგებლობა სომხეთს დააკისრა. მათი თქმით, სომხურმა ძალებმა ნაღმები კონტრშეტევების დროს განათავსეს. სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას მოვლენებზე დაკვირვებისკენ მოუწოდა. 

აღსანიშნავია რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თქმით, 1-ელ ივნისს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ქალბაჯარის რეგიონში შესულ სომხეთის შეიარაღებული ძალების 40 სამხედროს უკანდახევა აიძულეს. ბრალდება უარყო სომხეთის მხარემ. 

 

კომენტარები