ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატი

ხუნდაძე ნინოწმინდაზე: ბავშვებზე პოლიტინტერესის მაძიებელთა ზრუნვა მათ ინტერესს დააზიანებს

დიმიტრი ხუნდაძე

"ბავშვებზე პოლიტიკური ინტერესის მაძიებელთა ზრუნვა მათ უპირატეს ინტერესს დააზიანებს". – ამბობს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას.

ხუნდაძის თქმით, ნინოწმინდის პასნსიონში მცხოვრებ ბავშვებზე იმ ადამიანებმა უნდა იზრუნონ, ვისაც შესაბამისი კომპეტენცია, უფლებამოსილება და ვალდებულება აქვთ. მისივე მტკიცებით, პანსიონში სოც.მუშაკების და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ და პასუხისმგებელი უწყებები ვითარებას სრულად აკონტროლებენ.

"ამ მიმართულებით ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი თავის საზედამხედველო ფუნქციას უწყვეტად შეასრულებს. თუმცა ეს ყველაფერი სახალხო დამცველის მონიტორინგს არ ანაცვლებს. ვფიქრობ, ყველა ვისაც ბავშვთა უფლებების დაცვა და მათი მომავალი აინტერესებს, საკითხის შესწავლას ხელს  შეუწყობს და მომავალი თაობის ბედით მინიმუმ არ "ითამაშებს". – ამბობს ხუნდაძე.

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული.

3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

დღეს, 4 ივნისს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა და ისინი უკვე გადაიყვანეს სხვა ზრუნვის ფორმაში. სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.

კომენტარები