ეკონომიკა

Galt & Taggart: წელს ეკონომიკა 7%-ით გაიზრდება, ტურიზმი 2019-ის დონის 36%-ს მიაღწევს

Galt & Taggart-ის თანახმად, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა, საბაზო სცენარით, 7%-ით გაიზრდება. 

საინვესტიციო ბანკის კვლევითი დეპარტამენტი აპრილში დაფიქსირებულ 44.8%-იან ეკონომიკურ ზრდას ეხმიანება. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს, პანდემიით განპირობებული შეზღუდვების ფონზე, ქვეყნის ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა, წლევანდელი ზრდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 20.8%-ით აღემატება. 

გალტ & თაგარტში მიაჩნიათ, რომ ზრდა საქართველოს სავაჭრო პარტნიორებში კოვიდსიტუაციის გამოსწორებასა და ეკონომიკურ გამოცოცხლებას უკავშირდება, რაც ექსპორტის 22%-იან ზრდას ხსნის. რეკორდულადაა გაზრდილი ფულადი გზავნილებიც, რაც ასევე ზრდის ფაქტორია. 

კვლევის მიხედვით, საბაზო სცენარით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წლის ბოლოს 7%-ით გაიზრდება, რაც წინა მაჩვენებელთან შედარებით – 5% – გაზრდილი, უფრო ოპტიმისტური მოლოდინია. ოპტიმიზმის საფუძველი პოლიტიკური ვითარებისა და კოვიდსიტუაციის დასტაბილურება და ოქტომბერში დანიშნული არჩევნებისთვის დაგეგმილი სამთავრობო თუ არასამთავრობო ფისკალური აქტივობაა. 

მკვლევრები ტურიზმის აღდგენასაც ელიან – მათი აზრით, წლის ბოლომდე საქართველო $1.2 მილიარდი დოლარის ტურისტულ შემოსავალს მიიღებს, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 36%-ს შეადგენს. ტურიზმის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა იქნება. 

კომენტარები