გიორგი გახარია პოლიტიკაში

გახარია 20 ივნისზე: ხვალ რომ მოვიდე იმავე თანამდებობაზე, ისევ დავიცავ სახელმწიფო ინსტიტუტს

გიორგი გახარიამ, პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ჟურნალისტებთან საუბრისას 2019 წლის 20 ივნისის ღამის შესახებ კითხვებს გასცა პასუხები. მისი აზრით, 20 ივნისის ღამით მძიმედ დაზარალებული ადამიანები უმეტესად უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქმედებების მსხვერპლნი არიან, ზოგ შემთხვევაში კი – ძალის გადამეტების:

"[მაკო გომური, კობა ლეთოდიანი და გიორგი სულაშვილი] არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო ქმედების მსხვერპლნი, ისევე, როგორც, ზოგ შემთხვევაში, შეიძლება ეს ყოფილიყო ცალკეული პოლიციელების მიერ გადაცდომის ან გადამეტების ნაწილი". – ამბობს გახარია.

ყოფილი პრემიერმინისტრი საკუთარ პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ 20 ივნისს არავითარი უკანონო ბრძანება არ გაუცია და ამის შესახებ არაერთხელ უსაუბრია ღიად თუ დაკითხვის ფორმატში:

"ახლა, რაც შეეხება იმას, თქვენ რაც გინდა გაიგოთ. ნუ ეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას, მითუმეტეს, თუ ის იქ არ არის. მარტივად გიხსნით, ეს არ ყოფილა არანაირი უკანონო ბრძანება. 20 ივნისის განმავლობაში არ გაცემულა [უკანონო ბრძანება]. სხვა ყველაფერი, რაც ბრძანების და შესაბამისი განკარგულების ფარგლებში მოხდა 20 ივნისს, ჩემი პასუხისმგებლობაა. გამიცია პასუხი და შემდგომშიც გავცემ. დაკითხვაზეც ვყოფილვარ, პასუხებიც გამიცია და გავცემ შემდგომშიც, ნებისმიერ ფორმატში. მე არ მაქვს ამის არანაირი პრობლემა". – განმარტავს იგი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო ძალის გამოყენება და რატომ გამოთხარეს ღამის 2-ის ნახევარზე თვალი მაკო გომურს, პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე პასუხობს, რომ ღამის 4 საათამდე სახელმწიფო ინსტიტუტში შეჭრის საფრთხე არსებობდა:

"შტურმის მცდელობა დაიწყო, დაახლოებით, 12-ის ნახევრიდან. მანამდე, პოლიცია, 3 საათის განმავლობაში, ითმენდა პირდაპირ ფიზიკურ შეტევებს, 300 ფარი იყო გატაცებული, ამას პირდაპირ ეთერში ხედავდნენ მოქალაქეები. ეს შტურმი გრძელდებოდა 4 საათამდე. მე იქ ვიყავი და ფანჯრიდან ვუყურებდი, მელია როგორ მოუწოდებდა შეჭრისკენ. სამართალდამცველებს ჰქონდათ ბრძანება, დაეცვათ სახელმწიფო ინსტიტუტი შტურმისგან და შეჭრისგან და დაეცვათ საკუთარი სიცოცხლე და თავი, მაშინ, როდესაც პოლიტიკური ლიდერები, გარედან, ამ ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ შტურმისკენ". – ამბობს ყოფილი პრემიერი.

დაბოლოს, ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღებდა თუ არა იმავე გადაწყვეტილებებს, რაც 2019 წლის 20 ივნისს, ხვალ რომ პრემიერი გამხდარიყო, გახარია პასუხობს:

"მე ხვალ რომ მოვიდე იგივე თანამდებობაზე, ისევ დავიცავ სახელმწიფო ინსტიტუტს".

კომენტარები