ტურიზმი

თურნავა: შეგვიძლია, მოლოდინი გვქონდეს, რომ ზაფხულში ფრენების 50% აღდგება

ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, "ძალიან სწრაფად მატულობს" იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ზრდიან ყოველკვირეული ფრენების სიხშირეს. ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ბაზარზე ახალი ავიაკომპანიებიც შემოდიან. მისი ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდისთვის მთავრობას 350-ზე მეტი ყოველკვირეული ფრენის განაცხადი აქვს.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, 2019 წელს, როდესაც იყო ტურისტების რეკორდული რაოდენობა, პიკის დროს, ზაფხულში, კვირაში დაახლოებით 800 ფრენა სრულდებოდა.

"შეგვიძლია, მოლოდინი გვქონდეს, რომ ფრენების დაახლოებით 50%, რომლებიც მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ტურისტების ჩამოყვანას, აღდგება“. – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, მთლიანობაში უკვე 50-ზე მეტი ქვეყნისთვის არის გახსნილი საქართველოს საზღვარი.

"სულ 55 ქვეყნამდე იქნება, საიდანაც ჩვენ უარყოფითო პისიარ ტესტით ვუშვებთ ვიზიტორებს, როგორც საჰაერო, ახლა უკვე სახმელეთო საზღვრებზე. გარდა ამისა, ნებისმიერი ქვეყნიდან ვუშვებთ სრული ვაქცინაციის კურსჩატარებულ ვიზიტორებს“. –განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს საჰაერო ცა გასული წლის მარტში დაიკეტა. ზაფხულში რეგულარული ფრენები მხოლოდ სამი მიმართულებით აღდგა. საქართველოს მთავრობამ ფრენებზე შეზღუდვის მოხსნა მხოლოდ 2021 წლის თებერვალში გადაწყვიტა, როცა ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსის ათასობით შემთხვევა იყო.

კომენტარები