კრიმინალი

"სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება 5 წლის ბავშვთან" – კაცს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ 5 წლის ბავშვთან "სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების" ჩადენაში ბრალდებული ს.ა. დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

"დადასტურდა, რომ დმანისის რაიონის სოფელ მამულოში ს.ა.-მ ისარგებლა 5 წლის ლ.ა.-ს ასაკობრივი უმწეობით, რომელიც ვერ აცნობიერებდა მის მიმართ განხორციელებული ქმედებების მნიშვნელობას და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა.

სამართალდამცველებმა ს.ა. 2021 წლის 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (გაუპატიურება) ნიშნებს, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

არასრულწლოვანი დაზარალებულის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა" - აცხადებს საქართველოს პროკურატურა.

კომენტარები