დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სიუნიქის დაძაბულობის ფონზე, აშშ სომხეთ-აზერბაიჯანს საზღვრების დემარკაციისკენ მოუწოდებს

ჯეიკ სალივანი, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების მრჩეველი

17 მაისს შედგა სატელეფონო საუბარი თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების მრჩეველ ჯეიკ სალივანსა და სომხეთ-აზერბაიჯანის ლიდერებს შორის, ორი ქვეყნის საზღვარზე არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს

ჯეიკ სალივანის სატელეფონო საუბარი შედგა ცალ-ცალკე, ჯერ სომხეთის მოქმედ პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, შემდეგ კი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. 

სალივანმა საუბარში შეშფოთება გამოთქვა დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა იმას, რომ არადემარკირებულ საზღვრებთან სამხედრო გადაადგილებები უპასუხისმგებლო და პროვოკაციული ქმედებებია. ის მიესალმება საკითხთან დაკავშირებულ კომუნიკაციას მხარეებს შორის და პრობლემის მშვიდობიანად გადაჭრის მცდელობებს. სალივანმა, ასევე, ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს საზღვრების დემარკაციისთვის საუბრის გამართვა სჭირდებათ. 

ილჰამ ალიევის პრესსამსახურის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საუბრის დროს თქვა, რომ სომხეთის რეაქციებსა და ამ საკითხის საერთაშორისო დონეზე გაყვანის მცდელობამ, შესაძლოა, რეგიონში დაძაბულობა გამოიწვიოს. 


12 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, 250-მა აზერბაიჯანელმა სამხედრომ სომხეთის საზღვარი გადმოკვეთა და სიუნიქის რეგიონში 3.5 კილომეტრის სიღრმეზე შევიდა. სევის ტბის მიდამოებში ერთმანეთისგან მცირე მანძილის დაშორებით იმყოფებიან აზერბაიჯანელი და სომეხი სამხედროები. ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა,  ეს პრობლემა მოლაპარაკებების მეშვეობით გადაწყვეტილიყო, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტი იყო.

"ჩვენი პრიორიტეტი ამ საკითხის მოლაპარაკებებითა და დიპლომატიური გზებით გადაჭრაა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია". – თქვა ფაშინიანმა.

13 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა ამ ვითარებასთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას. ამ ორგანიზაციაში პოსტსაბჭოთა სივრცის რამდენიმე ქვეყანა შედის და მისი მთავარი ოფისი მოსკოვშია. 

14 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის სხვა რეგიონშიც გადაკვეთეს საზღვრები და გეღარქუნიქის თავისუფალ ზონაში რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეზე შევიდნენ.

ასევე 14 მაისს სიუნიქის რეგიონის მოვლენებთან დაკავშირებით საუბარი შედგა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და სომხეთის პრემიერმინისტრის თანამდებობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანს შორის. ამავე დღეს, ფაშინიანმა პუტინს სამხედრო დახმარების წერილით მიმართა.

აღსანიშნავია, რომ 4 მაისს სიუნიქის რეგიონში რუსეთის 102-ე ბაზის ჯარმა ორი სამხედრო ობიექტი დააფუძნა. სიუნიქი ერთმანეთისგან ყოფს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და მისგან მოწყვეტილ ნახიჩევანის რეგიონს.

 "სიუნიქის რეგიონში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ორი გამაგრებული პუნქტი დაფუძნდა. ეს არის დამატებითი უსაფრთხოების გარანტია არა მხოლოდ სიუნიქის რეგიონის, არამედ მთელი სომხეთისთვის". – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა. 

ასევე, აპრილში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთს ზანგეზურის კორიდორის ძალით გაყვანით დაემუქრა. მისი შექმნის შემთხვევაში ის სიუნიქის რეგიონში გაივლის და ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან დააკავშირებს.

"ზანგეზურის კორიდორის შექმნა ჩვენს ეროვნულ, ისტორიულ და სამომავლო ინტერესებს სრულად უპასუხებს. ჩვენ შევქმნით ზანგეზურის კორიდორს, სურს ეს სომხეთს თუ არა. თუ მოისურვებს, მარტივად გადავწყვეტთ, თუ არ მოისურვებს – ძალით გადავწყვეტთ. ისე, როგორც ომამდე ვამბობდი, რომ საკუთარი კეთილი ნებით უნდა დაეტოვებინათ ჩვენი მიწები ან ძალით გავყრიდით. ასეც მოხდა. ზანგეზურის ბედიც ასე გადაწყდება". – თქვა ილჰამ ალიევმა.

კომენტარები