LGBTQ თემი

დროა ფალავანდიშვილზე: კატეგორიულად ვგმობთ, შსს ვალდებულია, ადეკვატური რეაგირება ჰქონდეს

ტაბულა

მოძრაობა დროა დედაენის ბაღში პრორუსული, ნეოფაშისტური დაჯგუფების ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის თავდასხმას გმობს. განცხადების მიხედვით, საქართველოს მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს 17 მაისთან დაკავშირებულ ჰომოფობიურ, ტრანსფობიურ და ბიფობიურ ძალადობრივ შემთხვევებზე და უზრუნველყოს საზოგადოების ლგბტქ წევრებისთვის კონსტიტუციური უფლებების უსაფრთხოდ განხორციელება. 

"წლებია, ვხედავთ, ხელისუფლება და, უმეტესწილად, პრორუსული რადიკალური ჯგუფები როგორ იყენებენ პოლიტიკურ ინსტრუმენტად ლგბტქ თემთან დაკავშირებულ საკითხებსა და თარიღებს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ სახელმწიფო უგულებელყოფს საკუთარი საზოგადოების ლგბტქ მოქალაქეებს, უფრო მეტიც, ხელს უწყობს მათ გარიყვას და დემონიზებას. მსგავსი მიდგომა, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას". - წერია განცხადებაში.

დროა მოუწოდებს მთავრობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაქსიმალურად სწრაფად და სამართლიანად გამოიძიონ ძალადობრივი ფაქტი, რათა მომდევნო დღეებში მოსალოდნელი აგრესიული ქმედებების პრევენციას შეუწყონ ხელი. 

დედაენის ბაღში, ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია "Welcome to the closet" გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. Tbilisi Pride-ის ცნობით, ფალავანდიშვილი თავს დაესხა აქტივისტებსაც. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას გულისხმობს.  

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ტაბულასთან საუბრისას იხსენებს, აქტივისტებმა ინსტალაცია დედაენის ბაღში დილიდან დადგეს და გურამ ფალავანდიშვილის მოსვლამდე არავითარი გართულება არ შექმნილა. 

"როგორც კი მოვიდა და შეხედა, დაარტყა წიხლი და წააქცია. ამის შემდეგ, აქტივისტები თვითმხილველებთან ერთად ცდილობდნენ, რომ ფალავანდიშვილი ტერიტორიიდან გაერიდებინათ, მაგრამ ფალავანდიშვილი მათ შეურაცხყოფას აგრძელებდა. ამბობდა, რომ ინსტალაციის დანგრევის მიზეზი ცისარტყელას ფერები იყო, და კიდევ ის, რომ შიგნით ადამიანები სისაძაგლეებს წერენ".

მისივე თქმით, პოლიცია ადგილზე მოგვიანებით მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წინასწარ იყვნენ პერფორმანსის შესახებ გაფრთხილებულები. 

კომენტარები