დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ნეთანიაჰუ: ტერორისტები ძალიან დიდ საფასურს იხდიან და გადაიხდიან, ეს ჯერ დასრულებული არაა

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ტერორისტული დაჯგუფების, ჰამასის და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები ისრაელზე თავდასხმისთვის დიდ საფასურს იხდიან და ეს ჯერ არ დასრულებულა.

"მე ვთქვი, რომ ძალიან ძლიერად დავარტყამთ ჰამასს და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს და ჩვენ ზუსტად ამას ვაკეთებთ. გასულ 24 საათში ჩვენ დავარტყით მიწისქვეშა სამიზნეებს. ჰამასს ეგონა, რომ იქ დაიმალებოდა, მაგრამ ის იქ ვერ დაიმალება. მისი მაღალი რანგის ოფიციალური პირები ფიქრობდნენ, რომ ჩვენს შეტევას გაექცეოდნენ, მაგრამ ვერ გაექცნენ". - თქვა ნეთანიაჰუმ. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელის მხარე ყოველ მათგანს ყველგან მისწვდება და ამის გაკეთებას გააგრძელებენ.

"მათ ჩვენ არდადეგების დროს დაგვარტყეს, მათ ჩვენს დედაქალაქს დაარტყეს, ჩვენს ქალაქებს რაკეტები ესროლეს. ისინი ამისთვის ძალიან დიდ საფასურს იხდიან და გადაიხდიან. ეს ჯერ არ დასრულებულა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს ქალაქებში  უსაფრთხოება აღვადგინოთ". - აღნიშნა პრემიერმინისტრმა. 

მან მადლობა გადაუხადა აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს, ავსტრიის კანცლერს, სებასტიან კურცს, გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს და ისრაელის სხვა მეგობრებს. 

"მათ მხარი დაუჭირეს ჩვენს ბუნებით და თავისთავად ცხად უფლებას, რომ თავი დავიცვათ, ტერორისტებისაგან, რომლებიც მოქალაქეებს თავს ესხმიან და ასევე მოქალაქეების უკან იმალებიან". - ნეთანიაჰუს განცხადებით, ტერორისტებს ეს არ უშველით და ისრაელი შესაბამისად მოქმედებას გააგრძელებს. 

ისრაელის სამხედრო ძალები ღაზას სექტორის მიმართულებით მრავალი სამიზნის მიზანში ამოღებას აგრძელებენ. ისრაელის საჰაერო ძალების თქმით, მათ დაარტყეს ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში არსებულ ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო სადაზვერვოს, ჰამასის რაკეტის გამშვებ პუნქტებს და მიწისზედა რაკეტის გამშვებ ადგილებს, ტერორისტების ორ ბრიგადას. ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, სადაც ჩანს საჰაერო თავდასხმა ჰამასის შიდა უშიშროების ოფისის ხელმძღვანელზე თავდის აბუ ნადიმზე. ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, შენობას ჰამასის სამხედრო ოპერაციებისთვის იყენებდნენ.

პარალელურად, 14-15 მაისს ღაზის სექტორიდან სამხრეთ ისრაელის ქალაქების მიმართულებით რაკეტებს ისროდნენ. მიზანში ამოიღეს აშკელონი, აშდოდი, ბეერშება, სდერტოტი და ახლომდებარე ადგილები.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის მრავალ ობიექტს და სადამკვირვებლო პოსტს დაარტყეს.  ისრაელმა საარტილერიო ცეცხლი გახსნა და ფართომასშტაბიანი საჰაერო თავდასხმებით შეუტია ღაზის სექტორის ქვეშ გაყვანილ გვირაბებს, რომლებსაც დაჯგუფება ჰამასი საბრძოლო მიზნებისთვის იყენებს.

10 მაისიდან ღაზის სექტორიდან 2 000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს ისრაელის მიმართულებით. ამ დროისთვის, მოკლულია ათი ისრაელელი, ასობით ადამიანი დაშავდა. ღაზის სექტორში დაიღუპა 100 ადამიანი, დაშავდა 950. ჰამასის და ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მათი 20 წარმომადგენელია მოკლული, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

14 მაისს ისრაელის მიმართულებით სირიიდან სამი რაკეტა ისროლეს. რაკეტები მას შემდეგ გაუშვეს, რაც ლიბანის ტერორისტულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ინფორმაცია გაავრცელა ლიბანელი მსხვერპლის შესახებ ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ორი კი გოლანის მაღლობების ღია სივრცეში. 

13 მაისს ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან სამი რაკეტა ისროლეს. თავდაპირველად გაჩნდა ეჭვი, რომ ეს შეიძლება ლიბანში მოქმედ დაჯგუფება ჰეზბოლას ჩაედინა. თუმცა ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, რაკეტები პალესტინელი დევნილების დასახლებიდან გაისროლეს.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები