დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

იორდანეს დასავლეთ სანაპიროს რეგიონში IDF-თან შეტაკებისას 6 პალესტინელი მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალები იორდანეს დასავლეთ ნაპირის შეტაკებების დროს, 2021 წელი 14 მაისი
The Times of Israel

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს რეგიონში, სადაც პალესტინური დასახლებები მდებარეობს, ისრაელის თავდაცვის ძალებთან (IDF) ეთნიკურ პალესტინელთა შეტაკებები მიმდინარეობს. მოვლენებს 6 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ისრაელის პრესა ავრცელებს.

შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკლეს 2 პალესტინელი, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალების წევრების მანქანით გატანას ცდილობდნენ.

დასავლეთ სანაპიროს რეგიონში შეტაკებები უსაფრთხოების ძალებთან ბოლო დღეების მოვლენების პარალელურად დაიწყო. შეტაკებები მიმდინარეობს ისრაელის იმ ქალაქებშიც, სადაც ბევრი ეთნიკურად პალესტინელი ცხოვრობს. ქალაქ ლოდსა და რამლაში დაწვეს სინაგოგები და თავს ესხმოდნენ ეთნიკურად ებრაელებს.

დასავლეთ სანაპირო გაეროს მიღებული პალესტინის გაყოფის გეგმის მიხედვით, პალესტინელთა სახელმწიფოს მიწა უნდა ყოფილიყო. ისრაელის მოქალაქეები ამ რეგიონში დასახლებებს აშენებდნენ და ტერიტორიის დიდ ნაწილზე პალესტინელებმა მალე კონტროლი დაკარგეს.


ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ბოლო რამდენიმე დღეში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო.

პარალელურად გრძელდება შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის. დემონსტრაციები იერუსალიმის გარდა, ტარდება ქალაქ ლოდშიც, სადაც მოვლენებს ერთი არაბი ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ლოდში ებრაელთა სახლებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესროდნენ. მოკლული არაბი, როგორც პოლიციამ გაარკვია ერთ-ერთ 34 წლის ებრაელს ემსხვერპლა. მკვლელი დაკავებულია.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა 13 მაისის ღამეს ღაზის სექტორის წინააღმდეგ ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაციები და იერიშები დაიწყეს. IDF-მა Twitter-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომ ოპერაციაში მონაწილეობას ისრაელის საჰაერო და სახმელეთო ძალები იღებდნენ. ამან თავდაპირველად გამოიწვია მსოფლიოს მედიაში გავრცელებული არასწორი ინტერპრეტაცია, რომ თითქოს ისრაელმა ღაზაში სახმელეთო შეჭრა დაიწყო. რეალურად ისრაელის თავდაცვის ძალები სახმელეთო დანაყოფებში გულისხმობდნენ რაზის საზღვართან გამაგრებულ ჯარებს, რომლების საარტილერიო ცეცხლს ხსნიდნენ ღაზის სექტორი მიმართულებით.

ისრაელის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანა ჰამასის მიწისქვეშა გვირაბებზე, რომელთაც დაჯგუფება საბრძოლო მიზნებისთვის იყენებს ხოლმე.

ისრაელის თავდასხმებს ჯამში ათობით ჰამასის მაღალი რანკის წევრი ემსხვერპლა.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები