კრიპტოვალუტა

ეთერიუმის დამფუძნებელმა საქველმოქმედო ფონდს $1 მილიარდის კრიპტოვალუტა შესწირა 

კრიპტოვალუტა ეთერიუმის დამფუძნებელმა, ვიტალიკ ბუტერინმა ინდოეთის კოვიდდახმარების საქველმოქმედო ფონდს 1 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა შესწირა, ინფორმაციას ამის შესახებ The Wall Street Journal ავრცელებს.  

ეთერიუმის ფასის რეკორდული ზრდის წყალობით, ბუტერინი 27 წლის ასაკში მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა კრიპტომილიარდერი გახდა.  

საინტერესოა, რომ ტრანზაქცია არა ეთერიუმით, არამედ ე.წ. მიმკოინით, შიბა ინუ კოინით [SHIB] განხორციელდა. 

მიმკოინების კატეგორიაში შედის ისეთი კრიპტოვალუტა, რომელიც ხუმრობით შეიქნა და რომლის მიღმაც არავითარი ტექნოლოგიური და ფუნდამენტური ღირებულება არ დგას. 

Forbes-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღით ადრე Shiba Inu-ს, Dogelon-ის და Akita Inu-ს შემქმნელებმა ბუტერინს ცირკულაციაში არსებული მიმკოინების 50% გაუგზავნეს. მიწოდების ხელოვნურად შემცირება კი, თავის მხრივ, კრიპტოვალუტის ფასის ზრდას იწვევს. 

მიმკოინების შემქმნელები ფიქრობდნენ, რომ ბუტერინი მიღებულ კრიპტოვალუტას არაფერში გამოიყენებდა, რაც საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა და მას კოინის წვას უწოდებენ.

თუმცა 27 წლის მილიარდერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმკოინების ფასის ხელოვნურად გაზრდის ნაცვლად, მიღებული კრიპტოვალუტა საქველმოქმედო ფონდისთვის შეეწირა. 

ამ მოვლენას კი აღნიშნული მომკოინების მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა, კერძოდ, 24 საათში Akita Inu-ს ფასი 56%-ით, Dogelon-ის ფასი 70%-ით, Shiba Inu-ს 43%-ით, ხოლო Dogecoin-ის ფასი 20%-ით დაეცა. 

კომენტარები