ჟურნალისტზე ძალადობა

TDI: სასულიერო პირების ძალადობამ და ჟურნალისტებზე თავდასხმამ საგანგაშო ხასიათი მიიღო

ირაკლი ვაჩიბერაძე

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონის მხრიდან მთავარი არხის ჟურნალისტზე თავდასხმას გმობს და მიიჩნევს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა და ჟურნალისტებზე თავდასხმამ საგანგაშო ხასიათი მიიღო.

"საქართველოს საპატრიარქოს არცერთი ძალადობრივი ქმედება არ დაუგმია და საჯაროდ ბოდიში არ მოუხდია საზოგადოების წინაშე. ხელისუფლება კი თვალს ხუჭავს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ ძალადობასა და ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელშეშლის ფაქტებზე. დღემდე არ გვინახავს, ეკლესიის სასულიერო პირებს პასუხი ეგოთ ჩადენილი ძალადობისთვის". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

ორგანიზაცია აცხადებს, რომ გავლენიანი სასულიერო პირების ქმედებები ასაზრდოებს და აქეზებს საზოგადოებაში სიძულვილსა და ძალადობას.

TDI შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას მიერ ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტი და ასევე, 4 მაისს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ მთავარი არხის ჯგუფზე ძალადობის შემთხვევა.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს საპატრიარქოს, გაიაზროს საკუთარი, როგორც რელიგიური ინსტიტუციის როლი და აღკვეთოს სასულიერო პირების ძალადობა, ჟურნალისტებზე თავდასხმა და საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება.

7 მაისს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა მთავარი არხის ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

კომენტარები