ნიკა მელიას საქმე

ნიკა მელიას ადვოკატი: საქმე გასულია სამართლებრივი სივრციდან, მოლოდინის რეჟიმში ვართ

საზოგადოებრივი მაუწყებელი

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი განმარტავს პროცედურებს, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ევროკავშირის გირაოს შემდეგ ნიკა მელია გათავისუფლდეს. 

მისი თქმით, პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლისთვის უნდა მიმართოს და პატიმრობის გირაოთი შეცვლა უნდა ითხოვოს. თუმცა, ადვოკატი ამბობს, რომ უწყებისგან ზარი ჯერ არ მიუღიათ. 

"პოლიტიკური პატიმრობის დასასრულის გასაღები აქვს ხელისუფლებას. გვაქვს შემდეგი მოცემულობა, რომ პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს უნდა მიმართოს შუამდგომლობით და აღნიშნულის შემდგომ, 24 საათის განმავლობაში სასამართლო ვალდებული იქნება, იმსჯელოს შუამდგომლობის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, კომუნიკაცია არ შემდგარა არც სასამართლოსა და არც პროკურატურასთან. არავითარი ზარი ჩვენ არ მიგვიღია. არც პროკურატურას არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უკვე შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს, შესაბამისად ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ.

აღნიშნული საქმე თავიდან ბოლომდე გასული არის სამართლებრივი სივრციდან. ეს არის პოლიტიკური პროცესი. ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი. ამიტომაც, როგორც უკვე აქამდე აღგვინიშნავს, როგორც მისი დაკავება იყო პოლიტიკური აქტი, ასე ხელისუფლებამ ის უნდა გაათავისუფლოს პატიმრობიდან. ამიტომ, რა ტექნიკურ გზას აირჩევს ხელისუფლება, ეს მათზეა დამოკიდებული". – ამბობს ადვოკატი. 

8 მაისს, ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. მათივე ცნობით,  გირაოსთვის თანხა ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის გამოყო, ხოლო ხელისუფლებას 40 000 ლარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.


ნიკა მელიამ 26 აპრილს მიმართვა გაავრცელა და მზადყოფნა გამოთქვა, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება. 

პარლამენტში ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე უკვე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. 

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას).

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

 

კომენტარები