ბულგარეთი

ბულგარეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავენ

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ, მესამე მცდელობის შემდეგაც კი პრემიერმინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა, კოალიცია ვერ შექმნა. 

ქვეყნის პრეზიდენტმა თქვა, რომ ივლისში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს და მომავალ კვირაში გარდამავალ მთავრობასაც დაასახელებს.

"ბულგარეთს სჭირდება ძლიერი ნებისყოფის მქონე პოლიტიკური ალტერნატივა, ამჟამინდელი პარლამენტში ეს არ არის". – თქვა პრეზიდენტმა რადევმა.

ბულგარეთში არჩევნები, სავარაუდოდ, 11 ივლისს გაიმართება.

უცნობია, ვინ და ვინ იქნებიან გარდამავალ მთავრობაში. საქმეში გათვითცნობიერებული ანონიმური წყაროები ამბობენ, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ორი მთავარი კანდიდატი განიხილება. წყაროებს ისინი არ დაუსახელებიათ.

სავარაუდოდ, გარდამავალ მთავრობაში სოციალისტური პარტიის წევრებიც შევლენ, რომლებმაც უკვე თქვეს, რომ შემოდგომის საპრეზიდენტო არჩევნებში რადევს მხარს დაუჭერენ. 

ახალი გამოკითხვების თანახმად, ბორიკო ბორისოვის პარტია GERB ყველაზე პოპულარულია, მას მოსდევს ტელეწამყვანის, სლავი ტრიფონოვის, ახლადშექმნილი პარტია არის ასეთი ხალხი. პარტია გასული წლის აქციების დროს მალევე შეიქმნა. ტრიფონოვის თქმით, ის ეწინააღმდეგება ნებისმიერ კოალიციას ქვეყნის ძირითად პარტიებთან. ტრიფანოვს უკრაინის პრეზიდენტს და ყოფილ კომიკოსს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც ადარებენ.

გასული წლის ივლისიდან მოყოლებული, ბულგარეთში ანტისამთავრობო აქციები იმართებოდა. ათასობით მომიტინგე მთავრობასა და პროკურორს კორუმპირებული მაღალჩინოსნებისა და ოლიგარქების საქმეების გამოძიების განზრახ გადადებაში ადანაშაულებდა და, "სახელმწიფო მიტაცებას" და "მაფიური სტილით მმართველობას" აპროტესტებდა. მომიტინგეები ბორისოვს ქვეყნის ოლიგარქებთან ახლო  კავშირშიც ადანაშაულებდნენ.

ბულგარეთი ევროკავშირის ყველაზე ღარიბი და კორუმპირებული ქვეყანაა, რომელსაც კორუფციის აღმოფხვრის პირობა აქვს დადებული, თუმცა ჯერჯერობით კორუფციის ბრალდებით არცერთი მაღალჩინოსანი არ დაუკავებიათ. ქვეყანაში  სასამართლო სისტემის რეფორმებიც ვერ გაატარეს.

ამავდროულად, 2020 წელს ქვეყანაში პანდემიას ცუდად გაუმკლავდნენ. მთავრობას ასევე ადანაშაულებდნენ, რომ ევროკავშირის დახმარებას იმ ბიზნესებისკენ მიმართავდა, რომლებიც მმართველ პარტიასთან იყო დაახლოებული.

კომენტარები