COVID-19

კოვიდაფეთქება ინდოეთში – გაკვეთილი განვითარებადი ქვეყნებისთვის

COVID-19

კოვიდაფეთქება ინდოეთში – გაკვეთილი განვითარებადი ქვეყნებისთვის

ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც ინდოეთის კოვიდაფეთქების სიახლეები უცხოური გამოცემების პირველ გვერდებზეა. ინდოეთში პანდემიის მზარდი გავრცელების ახალი ტალღა მარტის ბოლო რიცხვებიდან დაიწყო და თანდათან გაიზარდა. 

ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტოები, თუ როგორ მიჰყავთ ინდოელი კოვიდპაციენტები საკაცეებით, როგორ წვავენ გარდაცვლილთა სხეულებს მანქანების პარკინგზე გაშლილ დროებით კრემატორიუმებში, ასევე იმის გამოცხადება, რომ დღეში ასიათასობით ადამიანი ინფიცირდება და ა.შ. საკმაოდ საგანგაშოა და ალბათ, მაყურებლის უმეტესობაში თანაგრძნობის გაღვიძებასაც იწვევს. 

თუმცა, თუკი ვინმე რიცხვების სიდიდეს სხვა რაკურსით შეხედავს, შეიძლება იფიქროს, რომ პროცენტულად ინფიცირებულთა რიცხვი არცთუ ისე მაღალია. სიცხადისთვის ერთმანეთს შევადაროთ საქართველოსა და ინდოეთის კოვიდსიტუაციის პროცენტული მაჩვენებლები, 16-29 აპრილის შუალედის მიხედვით. ამ პერიოდში საქართველოში Covid-19-ის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 16 590 იყო, რაც მთელი მოსახლეობის დაახლოებით 0.4% არის. ინდოეთში, დროის ამავე მონაკვეთში, ოფიციალური მონაცემებით, 4 471 059 აქტიური შემთხვევა იყო, რაც ერთი შეხედვით საკმაოდ დიდი რიცხვია, მაგრამ ეს რაოდენობა ამ ქვეყნის მილიარდს გადაცილებული მოსახლეობის მხოლოდ 0.32%-ს შეადგენს. 

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ინდოეთი რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულად არის დაყოფილი და ყოველ მათგანში ერთნაირად მძიმე კოვიდსიტუაცია არაა. ამიტომ ავიღოთ მაჰარაშტრას შტატი, სადაც პანდემია ყველაზე მეტად მძვინვარებს. ამ შტატში, 16-29 აპრილის მონაცემებით, 899 698 აქტიური შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ეს მაჰარაშტრას 123-მილიონიანი მოსახლეობის მხოლოდ 0.73%-ს წარმოადგენს, რაც უკვე პროცენტულად მთელი საქართველოს მაჩვენებლებზე მაღლა დგას, თუმცა, არცთუ ისე დიდი სხვაობით. 

რაც შეეხება სიკვდილიანობას, 29 აპრილის მაჩვენებლებით, ბოლო 7 დღის საშუალო სიკვდილიანობა საქართველოში 16 ადამიანი იყო,  ინდოეთში – 3 498. ერთი შეხედვით დიდი სხვაობაა, მაგრამ რეალურად ამ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ინდოეთის სიკვდილიანობა მთელ მოსახლეობასთან მიმართებაში უფრო ნაკლებია: 16 ადამიანი საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 0.0004% არის, 3 498 ადამიანი კი ინდოეთის მოსახლეობის დაახლოებით – 0.00025%.

თუკი, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ინდოეთში ინფიცირებულთა რიცხვი მოსახლეობის 1 პროცენტიც არ არის, სიკვდილიანობა კი არც ისე დიდი, რამ გამოიწვია მსოფლიოს აჟიოტაჟი და რა არის ინდოეთის რეალური პრობლემა?

რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა რაოდენობის ტესტი კეთდებოდა ინფიცირებულთა გამოსავლენად. შევადაროთ 16-22 აპრილის მონაცემები. ამ ერთი კვირის განმავლობაში ინდოეთში ყოველდღე, საშუალოდ, დაახლოებით 1 400 000 ტესტი კეთდებოდა, რაც მოსახლეობის დაახლოებით 1% არის. ტესტის პასუხის დადებითობა 14-დან (16 აპრილის მონაცემი) 18.4%-მდე (22 აპრილის მონაცემი) გაიზარდა. საქართველოში ამავე შუალედში დღეში საშუალოდ 28 000 ტესტი კეთდებოდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 0.7% არის, ამ დღეებში დადებითობა  გაკეთებული ტესტების 4.5%-ს არ ასცდენია. ამ რიცხვებით უფრო გასაგები ხდება, თუ რატომ არის ინდოეთის ეპიდსიტუაცია, ამ შემთხვევაში, თუნდაც, საქართველოს ვითარებაზე უფრო რთული. ამ დღეებში მოსახლეობის მხოლოდ 0.3%-იან სხვაობაზე ინდოეთს 9.5-13.9%-ით მეტი ინფიცირებული ჰყავდა. 

ასევე საჭიროა ვაქცინირებულთა რიცხვის შედარებაც. ეპიდვითარების მსგავსი გაუარესება ხდება იმის ფონზე, როდესაც ინდოეთს 28 აპრილისთვის მოსახლეობის 1.8% სრულად, 9% კი პირველი დოზით მაინც ჰყავს ვაქცინირებული. საქართველოში კი 28 აპრილისთვის მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 0.15% არის სრულად აცრილი და დაახლოებით 1.16%-ს პირველი დოზა აქვს მიღებული (ამ რიცხვში ითვლებიან სრულად ვაქცინირებულებიც).

მაგრამ ვერც ეს ფაქტები ახსნის მსოფლიო აჟიოტაჟს ინდოეთის კოვიდსიტუაციის მიმართ.

 

რა აჩენს მსოფლიო აჟიოტაჟის საფუძველს?

 

რეალურად ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე ამას ოფიციალური მონაცემები ასახავს. ეჭვის საფუძველს მრავალი გარემოება ქმნის.

მაშინაც კი, როდესაც ინდოეთში წყნარი, სტაბილური სიტუაციაა, გარდაცვლილ ადამიანთა ზუსტად აღრიცხვა უჭირთ. The Economist-ის მიხედვით, ჩვეულებრივ, ინდოეთში 7-დან 1 სიკვდილის რეგისტრაცია არ ხდება. დარეგისტრირებული გარდაცვალებებიდან კი ექიმის მიერ სიკვდილის მიზეზი მხოლოდ შემთხვევების 22%-ზე ფიქსირდება.

რა თქმა უნდა, ამ პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს პანდემია. ინდოეთის შტატების უმეტესობაში სიკვდილის მიზეზს Covid-19-ს არ მიაწერენ, თუკი გარდაცვლილს უახლოეს წარსულში ვირუსის ტესტზე დადებითი პასუხი არ ჰქონია. პრობლემა კი ის არის, რომ დღეში 1.5 მილიონი ადამიანის ტესტირების მიუხედავად, ეს საკმარისი არაა და მეტი კოვიდტესტირებაა საჭირო. თანაც, ტესტს დიდი ქალაქების გარეთ ნაკლებად იკეთებენ. ასევე, ინფიცირების შემთხვევების უეცრად ზრდის გამო საავადმყოფოები გადატვირთულია, სამედიცინო პერსონალი კი გადაღლილი, რის გამოც ვირუსზე გაკეთებული ტესტების პასუხები უკვე ორი დღით მაინც იგვიანებს ხოლმე. ბევრი ისე კვდება, რომ ტესტის პასუხს ვერც იგებს, ზოგს კი, შესაძლოა, უარყოფითი პასუხი შეცდომით ჰქონოდა. 

ეჭვს ზრდის ინდოეთის პირველი ტალღის შემდეგ ჩატარებული კვლევებიც. როდესაც ინდოეთის მთავრობა ამტკიცებდა, რომ მთლიანობაში ვირუსის ინფიცირების 10 მილიონი შემთხვევა ჰქონდათ, სისხლის ანალიზების კვლევების მიხედვით, ინფიცირებულთა რიცხვი 300 მილიონამდე უნდა ყოფილიყო. დეკემბერში, როდესაც მთავრობა ამტკიცებდა, რომ ვირუსი ქვეყნის მხოლოდ 1%-ს ჰქონდა გადატანილი, სისხლის ანალიზებმა აჩვენა, რომ ინდოელთა 21%-ს კოვიდის ანტიგენები გააჩნდა. ასევე, ადგილობრივი ჟურნალისტები ამტკიცებდნენ, რომ მათი გამოძიების მიხედვით, კრემატორიუმებში იმაზე ბევრი იყო Covid-19-ით გარდაცვლილი, ვიდრე ამას მთავრობა აცხადებდა. ინდოეთის შტატებს სხვადასხვა პარტიები მართავენ და როგორც მათ ადანაშაულებენ, ისინი კოვიდინფიცირებულთა რიცხვს აყალბებენ. 

ხალხის ნდობა მთავრობის მონაცემების მიმართ უფრო და უფრო კლებულობს. The Economist-ს აღწერილი ჰქონდა ერთი შემთხვევა, როცა ვადოდარაში, გუჯარატის შტატის ერთ-ერთ ქალაქში, გამოაცხადეს, რომ ერთ დღეში Covid-19-ით მხოლოდ 7 ადამიანი გარდაიცვალა, როდესაც, რეალურად ქალაქის მხოლოდ 2 საავადმყოფოში ვირუსით 300-ზე მეტი გარდაცვლილი იყო.


 

რა არის ინდოეთის რეალური პრობლემა და რამ გამოიწვია მეორე ტალღის უეცარი ზრდა?

 

მთავარი პრობლემა ინდოეთისთვის არის ის, რომ სამედიცინო სფერომ არსებულ დატვირთვას ვერ გაუძლო, პანდემიის გავრცელების დროული გაკონტროლება ვერ შეძლო და ახლა, ყოველდღე, 350 000-ზე მეტი ახალი ინფიცირებული ჰყავს

ამ პრობლემის წინაპირობა კი მთავრობის დაუდევრობაა. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში ჯანდაცვის სფეროს ბოლო პერიოდში პანდემიის გამო მეტი ყურადღება და ფინანსები ეთმობოდა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან აქამდე ეს დარგი ზედმეტად უყურადღებოდ დატოვებული და საჭიროზე ნაკლებად დაფინანსებული იყო. ახლა როგორც დიდი ქალაქების, ისე პროვინციების საავადმყოფოები გადავსებულია, სამედიცინო მუშახელი და პაციენტებისთვის განკუთვნილი საწოლები არასაკმარისია, იწურება მედიკამენტების, სისხლისა და ჟანგბადის მარაგები.

გაზრდილი დაფინანსების მიუხედავადაც კი, ინდოეთის მთავრობამ კოვიდპანდემიის დროს გათვლებში ბევრი შეცდომა დაუშვა. როგორც The Economist-ი წერს, მთავრობამ არასწორად გათვალა საჭირო რესურსები, საჭირო მედიკამენტებსა და დანადგარებზე შეკვეთები დაგვიანებით გააკეთეს, არასაკმარისად დააფინანსეს ადგილობრივი მიმწოდებლები სამედიცინო სფეროში და უცხოურ ვაქცინებზე უსაფუძვლოდ თქვეს უარი. ინდოეთს უცხოური ვაქცინების მიღება მეორე ტალღამდე რომ დაეშვა, ახლა უკვე მოსახლეობის 1.3% ორი დოზით ეყოლებოდათ აცრილი. ახლა, როდესაც ვაქცინაციის კამპანია “დამზადებულია ინდოეთში” ჩავარდა, იმის ნაცვლად, რომ ინდოეთს ქვეყანაში წარმოებული ვაქცინა საზღვრებს გარეთ გაჰქონდეს, დოზები არ ჰყოფნით და უცხოური ვაქცინების იმპორტირება დაუშვეს.

დაფინანსების პრობლემებისა და არასწორი გათვლების გარდა, მთავრობამ ფაქტობრივად ხელი შეუწყო პანდემიის უეცარ გავრცელებას. წინასაარჩევნო კამპანიებზე ტარდებოდა ხალხის მასობრივი თავშეყრები, მათი უმრავლესობა პირბადესაც არ ატარებდა. ინდოეთის მთავრობამ დაუშვა, რომ გუჯარატში, პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდის სახელობის სტადიონზე კრიკეტის ორი მატჩი ჩატარებულიყო, სადაც 130 000 გულშემატკივარი იყრიდა თავს, უმეტესობა პირბადეების გარეშე. ნარენდრა მოდის მთავრობამ ასევე დაუშვა კუმბჰა მელას სადღესასწაულო პილიგრიმობა, რადგან მისი საარჩევნო კამპანია ჰინდუისტურ ღირებულებებს ეფუძნება. ამ ფესტივალზე მილიონობით მომლოცველი იყრის თავს მდინარე განგის ნაპირებზე არსებულ ერთ პატარა ქალაქში. პრემიერმა ნარენდრა მოდიმ კუმბჰა მელას ფესტივალის ფართოდ აღნიშვნისგან თავის შეკავების დადებით მხარეებზე მხოლოდ მას შემდეგ ისაუბრა, რაც 13 ახადადან, ანუ ჰინდუისტი რელიგიური წინამძღოლიდან, რიგით მეორე მდინარე განგში რიტუალური განბანის შემდეგ Covid-19-ით არ დაინფიცირდა და გარდაიცვალა. მოდის აზრით, წელს სიმბოლური მომლოცველობა ალბათ უფრო მისაღები იქნება. 

კუმბჰა მელას დღესასწაული ჰინდუიზმში ერთ-ერთი უმთავრესი ფესტივალია და ის რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება. კუმბჰა მელა ზოგადად 12 წელში ერთხელ ტარდება, როდესაც ბრიჰასპატი, ანუ პლანეტა იუპიტერი, ორბიტაზე სრულ ბრუნს აკეთებს. დღესასწაულის თარიღი იუპიტერის, მზისა და მთვარის პოზიციების მიხედვით განისაზღვრება. არსებობს კუმბჰა მელას რამდენიმე სახე. ზემოხსენებულ 12-წლიან დღესასწაულს 2019 წლის შემდეგ მაჰა კუმბჰა მელას ეძახიან. ასევე არსებობს კუმბჰა მელას სახე, რომელიც 6 წელში ერთხელ ტარდება, რომელსაც უკვე მხოლოდ კუმბჰა მელას სახელით მოიხსენიებენ, ადრე კი არდჰა კუმბჰა მელას ეძახდნენ. დღესასწაულზე მომლოცველები ჰინდუისტთათვის წმინდა მდინარეებში განბანვის რიტუალს ასრულებენ, ეს კუმბჰა მელას ერთ-ერთი უმთავრესი ტრადიციაა. პანდემიის მიუხედავად, როგორც ინდური მედია იუწყება, 2021 წლის კუმბჰა მელას ფესტივალს 7 მილიონი მომლოცველი დაესწრო.

მეორეს მხრივ, შეიძლება დაგვიანებით, მაგრამ მაინც, ნარენდრა მოდის მთავრობამ გარკვეული აქტიური ნაბიჯები უკვე გადადგა ახალი ტალღის შესაჩერებლად. სწრაფი მოქმედებისთვის მათ ბაზრის ლიბერალიზაცია დაიწყეს, ასევე სწრაფი წესით შეისყიდეს უცხოური ვაქცინები, ჟანგბადის მარაგების შევსებას კი ყველანაირად ცდილობენ, მათ შორის რეაქტიული თვითმფრინავებისთვის განკუთვნილი ჟანგბადის მარაგებიდან. ინდოეთს კოვიდაფეთქების შემსუბუქებაში საერთაშორისო დახმარების პაკეტებიც დაეხმარება. 

ინფიცირებულთა პროცენტული რაოდენობა, ინდოეთის დემოგრაფიის გათვალისწინებით, საკმაოდ საშიშია. როგორც ზემოთ შევადარეთ, აპრილის ბოლოს, ოფიციალური ცნობებით, ინდოეთის მხოლოდ 0.32% არის ინფიცირებული, საქართველოში კი – 0.4%. ჩამოთვლილი უზუსტობების მიუხედავად, რომლებსაც შემთხვევების დათვლისას უშვებენ, თუ ჩავთვლით, რომ მონაცემები რეალურია, ინდოეთის მსგავსი მჭიდროდ დასახლებული ქვეყნისთვის 0.32% ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის 0.4%, რადგან ამ უკანასკნელში ნაკლები მსხვილი დასახლებაა.

ბოლო კვირებმა აჩვენა, რომ ამ წლის თებერვალში ნარენდრა მოდი ნაადრევად ზეიმობდა პანდემიაზე გამარჯვებას და თავი Covid-19-ის მძლეველად ტყუილად გამოაცხადა. მისი მთავრობის დაუდევრობამ და თავდაჯერებულობამ თოვლის გუნდა უზარმაზარ ზვავად აქცია. თუ მისი მიდგომა პანდემიის მიმართ არ შეიცვლება, ინფიცირებულთა მსგავსი ზრდის ტემპით და გეომეტრიული პროგრესიით ინდოეთი შეიძლება ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მივიდეს.

კომენტარები