ფსიქიკური ჯანმრთელობა

"სწორი და დროული მკურნალობით გადავრჩი" – ნინო ჩაჩინაძე შფოთვით აშლილობასა და დეპრესიაზე

ფსიქიკური ჯანმრთელობა

"სწორი და დროული მკურნალობით გადავრჩი" – ნინო ჩაჩინაძე შფოთვით აშლილობასა და დეპრესიაზე


"ყველაზე მძიმე სიმპტომი იყო არარეალურობის შეგრძნება - სამყაროს ვერ აღვიქვამდი რეალურად და ეგ ფაქტი მარწმუნენდა იმაში, რომ ვგიჟდებოდი და სწორედ ეს მაპანიკებდა. სამყაროს ფერებსაც ვეღარ "ვხედავდი", ისე როგორც საჭირო იყო", – გვიპასუხა ნინო ჩაჩინაძემ, როდესაც მას ყველაზე მძიმე სიმპტომების გამოყოფა ვთხოვეთ.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, პანიკური შეტევები და დეპრესია - ეს იყო ის დიაგნოზები, რაც ფსიქიატრმა ჩვენს რესპონდენტს დაუსვა. ნინო ვრცლად გვესაუბრა, როგორი იყო თავდაპირველი სიმპტომები და რა შეგრძნებები გამოიწვია მასში, ასევე, რა შეცდომა დაუშვა პროფესიონალის მიერ დანიშნული მკურნალობის დროს და შემდეგ რა გამოიწვია ამან.

ფსიქიკური აშლილობების სადიაგნოსტიკო და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მეხუთე გამოცემის DSM-V-ის მიხედვით, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს ადამიანს აქვს მოჭარბებული შფოთვები და მწუხარება და ამის გაკონტროლება უჭირს. Დამახასიათებელი სიმპტომები ასევე არის მარტივად დაღლილობა, კონცენტრირების პრობლემა და რეალობიდან გათიშვა, კუნთების დაძაბულობა, ძილის გრაფიკის დარღვევა და მოუსვენრობა.

ტაბულა მკითხველს შეახსენებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროს ყველა ადამიანის გამოცდილება უნიკალურია და დიაგნოზის დასმა და მკურნალობის კურსის განსაზღვრა მხოლოდ პროფესიონალის მიერ უნდა მოხდეს.

რა შენიშნე საკუთარ თავში განსხვავებული, რამაც დაგაფიქრა, რომ, შესაძლოა, მენტალური პრობლემები გქონოდა და არა უბრალოდ ცუდი ან განსხვავებული ხასიათი?

პირველი შეტევა დამემართა 2 წლის წინ, როდესაც სამსახურიდან სახლში დავბრუნდი და  სრულიად მოწმენდილ ცაზე დამეწყო ძალიან უცნაური სიმპტომები, რომლებიც ცხოვრებაში არასდროს მქონია - უეცრად ვიგრძენი მთელ ტანში ჟრუანტელი, თავბრუსხვევა, მქონდა საშინელი გულისრევის შეგრძნება, პულსმა პიკს მიაღწია და მქონდა შეგრძნება, თითქოს გონებას ვკარგავდი, ასევე დამეწყო პირის სიმშრალე და სუნთქვის გაძნელება.
 
აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ინფარქტი ან რამე მსგავსი მემართებოდა, დამეწყო სიკვდილის შიში. მიჭირს გადმოცემა, ისეთი სიმპტომები მქონდა. ჩავვარდი პანიკაში და ოჯახის წევრებიც დავაპანიკე, ვერ ვწყნარდებოდი, ასეთი შეშინებული არასოდროს ვყოფილვარ ჩემს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, არ დავაყოვნეთ და გამოვიძახეთ სასწრაფო. სასწრაფომ მოსვლისთანავე გამიზომა წნევა და ცოტა მაღალი მქონდა, ასევე კარდიოგრამა გადამიღო და მითხრა რომ უჯანმრთელესი გული მაქვს, დამალევინეს კორსიზი და პულსიც ჩადგა, თუმცა მაინც ვერ ვწყნარდებოდი - მაკანკალებდა ისტერიულად, ძალიან მეშინოდა და არაფერი მაწყნარებდა, სიმპტომები იმდენად ძლიერი იყო, მოვითხოვე საავადმყოფოში გადაყვანა და სრული გამოკვლევების ჩატარება, რადგან 100%-ით ვიყავი დარწმუნებული, რომ ინფარქტი გადავიტანე. სასწრაფოს არ ვუშვებდი, დაჟინებით ვითხოვდი საავადმყოფოში  გადაყვანას და წამიყვანეს კიდეც, იქ ჩამიტარეს სრული გამოკვლევები და  ყველა გამოკვლევამ აჩვენა, რომ სრულიად ჯანმრთელი ვარ.
 
გამომწერეს სახლში და კიდევ რამდენიმე უცნაური და საშინელი სიმპტომი დამემატა, რომლებზეც ისიც არ ვიცოდი ექიმისთვის როგორ ამეხსნა. მქონდა არარეალურობის შეგრძნება, გარშემო სამყაროს ვერ აღვიქვამდი რეალურად, ბურუსში მეგონა თავი, თითქოს მთვრალი ვიყავი. ამ შეგრძნებებმა დამაპანიკა და ამიტანა შიშმა. მეორედ დამემართა პანიკური შეტევა და გამოვიძახე ისევ სასწრაფო, ისევ კორსიზი დამალევინეს და როდესაც პულსი ჩადგა, წავიდნენ. ძალიან მალე დავმძიმდი, სულ ახალი სიმპტომები მემატებოდა - გარეთ ვეღარ გავდიოდი, ტრანსპორტით ვერ ვმგზავრობდი, ვერ ვბანაობდი, მარტო მეშინოდა დარჩენა, მუდმივად დაძაბული ვიყავი. ასევე, მქონდა უძილობა, სულ განგაშის მოლოდინში იყო ჩემი ორგანიზმი, თუ ჩამეძინებოდა ყოველ 10 წუთში შეკრთომით მეღვიძებოდა, შემდეგ დამეწყო აკვიატებული ფიქრები, დარწმუნებული ვიყავი, რომ ვგიჟდებოდო და აი, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ პრობლემა ჩემს ფსიქიკაში იყო. იმდენად ცუდად ვიყავი, გადარჩენის იმედი აღარ მქონდა, თუმცა იმდენად მიყვარდა სიცოცხლე, ვცდილობდი პატარა იმედს ჩავბღაუჭებოდი და დავიწყე გადარჩენისთვის ბრძოლა.


 
რა იყო ყველაზე მძიმე სიმპტომი(ები), რომლებმაც ყველაზე მეტად შეგაშინათ?

ყველაზე მძიმე სიმპტომი იყო არარეალურობის შეგრძნება - სამყაროს ვერ აღვიქვამდი რეალურად და ეგ ფაქტი მარწმუნებდა იმაში, რომ ვგიჟდებოდი და სწორედ ეს მაპანიკებდა. სამყაროს ფერებსაც ვეღარ "ვხედავდი" ისე, როგორც საჭირო იყო და როდესაც ამ სიმპტომების შესახებ ვუამბე ფსიქიატრს, დეტალურად ამიხსნა, რატომ მემართებოდა ეს ყველაფერი. სამედიცინო ენით ამ მდგომარეობას დერეალიზაცია ქვია, რომელიც ძლიერ შფოთვებს მოჰყვება.

რა ტიპის მკურნალობა დაგინიშნეს - მხოლოდ მედიკამენტოზური თუ თერაპიაც?

როდესაც ფსიქიატრს გავესაუბრე ყველაფერი დეტალურად ამიხსნა ჩემი მდგომარეობის შესახებ და შეეცადა, ჩემს დამშვიდებას. მკურნალობის გეგმა დავსახეთ - ჯერ გარკვეული პერიოდი უნდა მემკურნალა მედიკამენტებით და შემდეგ ფსიქოლოგიც უნდა ჩართულიყო ჩემს გამოჯანმრთელებაში. მკურნალობის საწყის ეტაპზე გვერდითი ეფექტები ჰქონდა ანტიდეპრესანტს და შფოთვებს მიორმაგებდა, ორი კვირა ვიტანჯე და შემდეგ ძალიან ნელა და ეტაპობრივად მომეხსნა სიმპტომები. დაახლოებით 3 თვეს ვსვამდი წამალს და როდესაც თავი სრულიად გამოჯანმრთელებული მეგონა, ფსიქიატრის გარეშე უცბად შევწყვიტე წამლები და თერაპიაც არ გამივლია ფსიქოლოგთან. აი, ამ ჩემი არასწორი საქციელის გამო მხოლოდ 1 თვე გასტანა სიმშვიდემ და შემდეგ ისევ მეორე ტალღამ დამარტყა.
 

რა დროში იგრძენი გაუმჯობესების პირველი ეფექტი და თუ შეიძლება, აღგვიწერე რაში გამოიხატებოდა ეს პროცესი - შემცირდა თუ არა შფოთვა და პანიკური შეტევები და იკლო თუ არა დეპრესიის სიმპტომებმა.

[წამლების შეწყვეტის შემდეგ] ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი და იმდენად გამიცრუვდა იმედები, რომ ამ ყველაფრის ფონზე  დამემართა დეპრესია. მკურნალობა ისევ თავიდან დავიწყე, მაგრამ ამჯერად სწორად, ზუსტად იმას ვაკეთებდი, რასაც ჩემი ექიმი მეუბნებოდა, როდესაც წამლით მკურნალობამ გამომაჯანმრთელა, შემდეგ დავიწყე ფსიქოლოგთან თერაპიები და ამან საბოლოოდ გამომაჯანმრთელა. ფსიქოლოგმა მასწავლა, როგორ უნდა მემართა საკუთარი ემოციები სწორად, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, როდესაც ვიგრძნობდი პანიკურ შეტევას. ამ თემამ იმდენად დამაინტერესა დავიწყე ინფორმაციების მოძიება ინტერნეტში, ვკითხულობდი წიგნებს და იმდენად ღრმად შევისწავლე ეს თემა და იმდენად ბევრი ინფორმაცია მივიღე, ამან უფრო გამიმარტივა ჩემი მდგომარეობის მართვა.


რას იტყოდით იმ სტიგმების შესახებ, რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის გარშემო არის შექმნილი.


გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი განაჩენი არ არის, მთავარია სწორი დიაგნოზი და დროული მკურნალობა. ორი წლის წინ მეგონა, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა და ვერასდროს გავიღიმებდი, მქონდა ძალიან ბევრი ნეგატიური აკვიატებული აზრი, ნამდვილად არ მეგონა, თუ გადავრჩებოდი. თუმცა დღეს მე ძალიან ბედნიერი ვარ, მაქვს სამსახური, მალე დაოჯახებას ვაპირებ, ასევე ძალიან ბევრს დავდივარ, დავდივარ ფეხით,თავიდან შემიყვარდა გარეთ გასვლა და ხალხთან ურთიერთობა


დღევანდელი გადმოსახედიდან, თვლით თუ არა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო პროფესიონალთან ვიზიტი და მის გარეშე თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესი დროში ძალიან გაიწელებოდა?

სტრესულ ფონზე შფოთვები დღემდე მემართება, თუმცა პანიკურ შეტევამდე არასოდეს მიმყავს, რადგან სწორმა მკურნალობამ და ბევრმა ინფორმაციამ მასწავლა ამ ყველაფერთან სწორად მიდგომა და მართვა.  მე გადავრჩი სწორი და დროული მკურნალობით.
 

კომენტარები