ფსიქიკური ჯანმრთელობა

"კარდიოლოგს არ დავუჯერე ფსიქიატრის საჭიროებაზე" – სანდრო კრიჟანოვსკი შფოთვებსა და OCD-ზე

ფსიქიკური ჯანმრთელობა

"კარდიოლოგს არ დავუჯერე ფსიქიატრის საჭიროებაზე" – სანდრო კრიჟანოვსკი შფოთვებსა და OCD-ზე

შფოთვითი აშლილობა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და იპოქონდრია - ეს არის იმ დიაგნოზების ჩამონათვალი, რაც ჩვენს რესპონდენტს, სანდრო კრიჟანოვსკის, პროფესიონალის მიერ ჰქონდა დასმული.

სანდრო ამ დიაგნოზებისა და მათი მკურნალობის გზების შესახებ გვესაუბრა და მოგვიყვა, როგორი სიმპტომები ახასიათებს თითოეულს, რაში უშლიდნენ ისინი ყველაზე მეტად ხელს და ხაზი გაუსვა ასეთ დროს პროფესიონალის ჩართულობის მნიშვნელობას.

2017 წლის მონაცემებით, შფოთვითი აშლილობა ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაა და ის მოსახლეობის 3.76%-ის სჭირს.

ასევე ფართოდ გავრცელებულია ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, იგივე OCD, რომელიც სხვადასხვა ფორმით მოსახლეობის 2%-ში გვხვდება. ფსიქიკური აშლილობების სადიაგნოსტიკო და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მეხუთე გამოცემის DSM-V-ის მიხედვით, ობსესია განმეორებად, უწყვეტად მიმდინარე ფიქრებსა და იმპულსებს გულისხმობს, რომელთა თავიდან მოშორებას ან წინააღმდეგობის გაწევასაც ინდივიდი ცდილობს. კომპულსია კი განმეორებადი ქცევებისა და ქმედებების ნაკრებია, რომელსაც ადამიანი ობსესიებთან გასამკლავებლად ან მათი მოთხოვნის შესაბამისად მიმართავს.

ტაბულა მკითხველს შეახსენებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროს ყველა ადამიანის გამოცდილება უნიკალურია და დიაგნოზის დასმა და მკურნალობის კურსის განსაზღვრა მხოლოდ პროფესიონალის მიერ უნდა მოხდეს.

რა იყო შენი თავდაპირველი სიმპტომები, რომლებმაც გაფიქრებინა, რომ, შესაძლოა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები გქონოდა? როგორი ასახვა ჰქონდა ამ სიმპტომებს შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

ჩემი ძირითადი სიმპტომები, რომლებმაც ფსიქიკური აშლილობის შესაძლო არსებობაზე დამაფიქრა, გულ-მკერდის არეში გამუდმებული ტკივილი, მუდმივი შფოთვა და დეპერსონალიზაცია-დერეალიზაცია იყო. ეს სიმპტომები იმდენად დომინანტურ ფაზაში მქონდა, რომ ფაქტიურად ერთი წელი სახლიდან ვერ გავდიოდი და ვერავის ვეკონტაქტებოდი - საუბრის სურვილი და ამის ენერგიაც კი გამქრალი მქონდა.

სიმპტომების გამოვლენიდან რამდენ ხანში გადაწყვიტე პროფესიონალური დახმარების მიღება და ვის მიმართე ამისთვის?

სამწუხაროდ, თავდაპირველი სიმპტომების გამოვლენიდან მოგვიანებით მივედი ფსიქიატრთან, რადგან, როგორც გითხარით, ჩემი პირველი სიმპტომი კარდიალგია იყო, რომელიც გულ-მკერდის არეში აღმოცენებულ ტკივილს გულისხმობს. ამიტომ, მთელი ყურადღება კარდიოლოგებზე და ამ ტკივილების კვლევებზე მქონდა მიმართული. პირველი ექიმი, ვისაც მივაკითხე იყო თერაპევტი (ოჯახის ექიმი), რომელმაც გადამამისამართა კარდიოლოგთან გამოსაკვლევად. აქედან დაიწყო ჩემი კარდიოლოგებთან სიარული.

როგორც ვიცი, შენი ერთ-ერთი დიაგნოზი იპოქონდრიაა [სომატომორფული დარღვევა], რასაც თან ახლავს საკუთარ თავში სხვადასხვა ფიზიკური დაავადებების ძიება და ამის კვლევა. გაგირთულა ამ პროცესმა იმის გააზრება, რომ, შესაძლოა, შენი პრობლემა ფსიქიკური ჯანმრთელობიდან ყოფილიყო ნაწარმოები?

მართალია, სხვადასხვა დიაგნოზთან ერთად იპოქონდრიაც მქონდა დასმული. სწორედ ეს დიაგნოზი გახდა ერთ-ერთ გამომწვევი მიზეზი იმისა, რომ პირველივე კარდიოლოგთან კონსულტაციის მერე, არ დავუჯერე მის კვლევებს და არ გავითვალისწინე მისი რჩევა, მივსულიყავი ფსიქიატრთან და გამევლო კონსულტაცია. 

ძალიან მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ფიზიკურად ჯანმრთელი ვიყავი - ჩემდა უნებურად ვერც ერთ კარდიოლოგს ვერ ვენდობოდი კვლევებში და ასე ვიცვლიდი ექიმებს.

რა ტიპის მკურნალობა დაგინიშნა ფსიქიატრმა და როგორ დასვა დიაგნოზი?

ფსიქიატრმა სრულად ჩემი გამოკვლევების მეშვეობით, ანუ ანამნეზის ჩატარებითა  და ე.წ ფსიქოდიაგნოსტიკური ინტერვიუს მეშვეობით დამისვა დიაგნოზები და დამინიშნა ფსიქოფარმაკო თერაპია, რომელიც მოიცავდა რამდენიმე მედიკამენტის მიღებას.

მედიკამენტოზური მკურნალობის დაწყებამდე თუ გადააწყდი საკუთარ თავში ან შენს გარშემომყოფებში იმ სტიგმებს, რომ, შესაძლოა, მედიკამენტებს მიჩვევა გამოეწვია ან უფრო მეტი ზიანი მოეყენებინა, ვიდრე სარგებელი და. ა.შ. – თუ კი, როგორ დაძლიე ეს ბარიერები?

ამ 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ სტიგმას გადავაწყდი, მათ შორის მედიკამენტოზური მკურნალობის შესახებაც. მაგალითად, მომისმენია ასეთი ფრაზები - "ეს წამლები აზომბებს", "რად გინდა წამლები, დამოკიდებულებას იწვევს”, “უბრალოდ თავი ხელში აიყვანე" და ა.შ. ეს ბარიერები დავძლიე პროფესიონალთან კონსულტაციებითა და ჩემითვე ფსიქოგანათლების ამაღლებით. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემმა ფსიქიატრმა ჩემში ნდობა მაშინვე მოიპოვა.

რამდენ ხანში იგრძენი პირველად გაუმჯობესება და რას ჰგავდა ეს პროცესი - შემცირდა სიმპტომები, მისი მართვა ისწავლე თუ ორივე ერთად?

ფსიქიატრთან მისვლიდან დაახლოებით 2 თვეში ვიგრძენი ოდნავი გაუმჯობესება - შფოთვები შემცირდა, ტკივილებიც შემცირდა და თუ მანამდე მთელი ყურადღება ამ ტკივილებზე მქონდა მიმართული, შემცირებასთან ერთად ნელ-ნელა მეორე პლანზე გადაიწია ამ სიმპტომებმა და დავიწყე ამ მდგომარეობის მართვის სწავლა.

როდესაც შენს ამბავს რეტროსპექტულად უყურებ, რა იყო გარშემომყოფებისგან შენთვის ყველაზე ხელისშემწყობი ქცევები და რა იყო ყველაზე ხელისშემშლელი? ამაზე დაყრდნობით, რას ურჩევდი იმ ადამიანებს, რომლებსაც გარშემო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანი ან ადამიანები ჰყავთ?

ყველაზე ხელისშემშლელი და გამაღიზიანებელი იყო ისეთი სიტყვების მოსმენა, როგორებიცაა "რა დროს შენი ეგეთებია", "ფსიქიატრთან რა გინდა, გიჟი ხარ?" და ა.შ 

მე მეგობრებთან კომუნიკაციის აღდგენა და მშობლების თანადგომა დამეხმარა.  ჩემი აზრით, მაგ დროს ყველაზე კარგი იქნება, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანს უბრალოდ აუხსნათ, რომ უმჯობესია, დროულად მიაკითხოს პროფესიონალს და ამაში სასირცხვილო არაფერია. როგორც კარდიოლოგი ან სხვა დისციპლინის ექიმი სჭირდება ადამიანს, როდესაც მას ფიზიკური სიმპტომები აქვს, ზუსტად ასევე არის ფსიქოლოგიც, ფსიქიატრიც და ამ მიმართულებით დასაქმებული ნებისმიერი პროფესიონალი.

ითამაშა თუ არა მნიშვნელოვანი როლი შენს გაუმჯობესებაში ფსიქიატრისა და მედიკამენტოზური მკურნალობის ჩართულობამ და შენი აზრით, როგორ განვითარდებოდა შენი ცხოვრება მათ გარეშე?

ძალიან დიდი როლი ითამაშა ფსიქიატრმა და მის მიერ დანიშნულმა მედიკამენტებმაც. სიმპტომების ნელ-ნელა უკანა ფლანგზე გადასვლით, მომეცა საშუალება, მეტი ყურადღება დამეთმო ჩემი მდგომარეობისთვის, შემესწავლა და მათი მართვაც ამეთვისებინა. ალბათ მედიკამენტოზური ჩარევა რომ არა, ახლა ისევ იმ მდგომარეობაში ვიქნებოდი, თუ უფრო ცუდად არა. ყველაზე კარგი მაინც ისაა, როცა ფსიქიატრი თავად გიხსნის და გასწავლის, რომ კი, მედიკამენტი ამ შემთხვევაში საჭიროა, მაგრამ მხოლოდ მედიკამენტით ამ ყველაფერს ვერ "მოერევი".

კომენტარები