პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე მელიაზე: ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას, მედიატორმა უნდა განიხილოს

ლელო

ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართვას ეხმაურება. ჯაფარიძის თქმით, 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონს ოპოზიცია ვერ გაითხოვს, ვინაიდან ეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტია. ჯაფარიძე ამბობს, რომ თუ მელიას პოზიციას მედიატორი გაიზიარებს, ისინი მას მხარს დაუჭერენ. 

"ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი. ჩვენ არ შეგვიძლია შარლ მიშელის დოკუმენტის გათხოვა. ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი. ეს არის ბატონი მელიას პოზიცია, რომელიც, ალბათ, მედიატორმა უნდა განიხილოს. დაველოდოთ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამნისტიის კანონი ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეეხება ჯალათებს, არავის ასეთი განზრახვა არ აქვს. თუ იქნება მცდელობა, რომ ისეთი ფორმულირება იქნეს შეთავაზებული ქართული ოცნების მიერ, რომელიც დატოვებს კარს ღიად ჯალათების შესაძლო ამნისტირებაზე, ჩვენ ასეთ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ. ეს არის გამორიცხული.

ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, ჩვენ მხარს დავუჭერთ ნიკა მელიას ამ წინადადებას, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ შეთანხმებაში როცა შევედით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ორი პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ერთი (გიორგი რურუა) უნდა გათავისუფლდეს ხვალ, როცა ჩვენ შევალთ პარლამენტში, მეორე პოლიტპატიმრის (ნიკა მელია) ნება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ის ამბობს, რომ მზად არის, გირავნობას დაეთანხმოს ევროკავშირიდან, ოღონდ მოითხოვს ამნისტიის შესახებ კანონის ამოღებას და ამას გაიზიარებს მედიატორი, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ". – თქვა ბადრი ჯაფარიძემ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია მზადყოფნას გამოთქვამს, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება. 


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

ოპოზიციის იმ ნაწილის მტკიცებით, რომელმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, ამნისტია არ გავრცელდება ადამიანის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებულ  მუხლებზე, "ანუ ჯალათებზე". მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ ამნისტია გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, თუმცა მათივე მტკიცებით, დაცული იქნება კონვენციური სტანდარტები.

კომენტარები