თურქეთი

თურქეთი სომეხთა გენოციდის აშშ-ს მიერ აღიარებაზე: თუ ურთიერთობის გაუარესება სურთ, მათი ნებაა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, თქვა, რომ თუკი აშშ-ს პრეზიდენტი 1915 წლის ოსმალეთის იმპერიის მიერ ეთნიკურად სომეხთა მასობრივ ხოცვას გენოციდად აღიარებს, მათ შორის ისედაც დაზიანებულ ურთიერთობაზე ცუდად აისახება. 

"განცხადებები, რომელთაც სამართლებრივი ვალდებულებები არ გააჩნია, სარგებლის მომტანი ვერ იქნება, პირიქით, [აშშ-თურქეთის] კავშირებს დააზიანებს. თუკი აშშ-ს ურთიერთობის გაუარესება სურს, მათი ნებაა". – თქვა ჩავუშოღლუმ Habertürk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ჩავუშოღლუს სიტყვები ეხმიანება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შესაძლებლობას.

თუკი ბაიდენი სომეხთა 1915 წლის მასობრივ ხოცვას გენოციდად აღიარებს, ის გახდება აშშ-ს პირველი პრეზიდენტი, ვინც ეს ოფიციალურად გააკეთა. 

მნიშვნელოვანია, რომ 1915 წლის მოვლენები 2019 წელს აშშ-ს სენატმა გენოციდად აღიარა და რეზოლუცია გამოსცა. ეს აღიარება აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობათა გაუარესების ფონზე მოხდა, რაც ამ უკანასკნელის ჩრდილოეთ სირიაში შეჭრამ და რუსული S-400-ების სარაკეტო სისტემის შეძენამ გამოიწვია. 

თავად თურქეთი აღიარებს, რომ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს მრავალი სომეხი ოსმალებთან შეტაკების დროს დაიღუპა, მაგრამ ამ მოვლენებს გენოციდად არ ცნობს, რადგან თვლიან, რომ ეთნიკურად სომეხთა ხოცვა არ ყოფილა სისტემატურად ჩატარებული. 

კომენტარები