პოლიტიკური კრიზისი

ბორელი: მივესალმები მიღწეულ შეთანხმებას, ყველა დეპუტატს ხელმოწერისკენ მოვუწოდებ

ჯოზეფ ბორელი
European Interest

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი, საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის 19 აპრილის შეთანხმებას მიესალმება.

"მივესალმები გუშინ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებს შორის მიღწეულ შეთანხმებას. ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპია. ყველა დეპუტატს ხელმოწერისკენ მოვუწოდებ, შეუერთდით პარლამენტს და იმუშავეთ გამბედაობით, რომ განახორციელოთ ევროკავშირის შუამავლობით [მიღწეული] შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებისთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო ღრმა ურთიერთობებისთვის". – ჯოზეფ ბორელი წერს. 


გუშინ, 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს - საქართველოს წინსვლის გზა.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა. დღეს, 20 აპრილს, დოკუმენტს ხელი მოაწერა ევროპული საქართველოს სიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა.

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი,  "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები