გვარამია: პროკურატურამ ავსტრიაში აუცილებელ სამედიცინო პროცედურაზე წასვლაზე უარი მითხრა

ტელეკომპანია მთავარის დირექტორის, ნიკა გვარამიას ცნობით, მას საქართველოს პროკურატურამ ავსტრიაში აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად წასვლაზე უარი უთხრა.

გვარამიას თქმით, მან პროკურატურას ავსტრიელი ექიმების წერილი წარუდგინა, სადაც წერია, რომ სამედიცინო მომსახურება აბსოლუტური აუცილებელობაა, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყნის დატოვების მოთხოვნაზე მაინც უარი მიიღო.

"სასწრაფოდ დამჭირდა ავსტრიაში წასვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო. რამდენიმე თვეა, ვცდილობ ჩემი ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაოდ. ამიტომ დამჭირდა უცხოელი ექიმების ჩარევა. ჩემი მეგობრების დახმარებით, მოვახერხე და კოვიდით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, ავსტრიელმა ექიმებმა ჩამინიშნეს აუცილებელი კვლევები, რომლებიც აქ, სამწუხაროდ, არ ტარდება და სრულიად აუცილებელია ჩემი მდგომარეობის ზუსტი დიაგნოსტირებისთვის და განკურნებისთვის. 

ჩემი ავსტრიელ ექიმებთან კომუნიკაციის შედეგად, მათ ჩათვალეს, რომ მე მჭირდება მათი "სამედიცინო მომსახურება, როგორც აბსოლუტური აუცილებლობა" (ციტატა მათი წერილიდან) და კონკრეტული კვლევები და სამედიცინო პროცედურები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამგვარი აუცილებლობის გამო, ავსტრიის სახელმწიფომ მომცა ქვეყანაში შესვლის სპეციალური და საგამონაკლისო საშვი

პროკურატურას წარვუდგინე ავსტრიელების მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაცია და მივმართე მოთხოვნით, რომ მოეცათ თანხმობა, ერთი კვირით დამეტოვებინა ქვეყანა. ეს არც სასამართლო პროცესების მიმდინარეობას აფერხებს და, ცხადია, არც სადმე გაქცევას ვაპირებ.  სასიცოცხლოდ აუცილებელი კვლევების ჩატარებაზე პროკურატურისგან მივიღე უარი. დასაბუთება - არავითარი: მიმალვის საფრთხე", - წერს გვარამია.

ნიკა გვარამიას პროკურატურა "რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებასა და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვას" ედავება.

კონკრეტულად, საგამოძიებო უწყების ცნობით, გვარამიამ რუსთავი 2-ის სახელით ხელშეკრულება გააფორმა მისი მეგობრების კომპანია "ინტერ მედია პლუსთან" და მათ არხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მისცა. შეთანხმების მიხედვით, მოხმარებული სარეკლამო დროის მიუხედავად, "ინტერ მედია პლუსს" წინასწარ შეთანხმებული ოდენობის თანხა უნდა გადაეხადა. პროკურატურის მტკიცებით, მისი მეგობრებისთვის გამორჩენის მისაღებად, გვარამიამ კომპანიისგან განზრახ არ მოითხოვა ჯამში 6 763 510 ლარი, რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა, რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული თანხები საკუთარ ანგარიშზე შეეტანათ და არ გადაეხადათ რუსთავი 2-სთვის.

კომენტარები