პოლ მაკკარტნი

პოლ მაკკარტნი: THE BEATLES-ის წევრებს მარიხუანა პირველად ბობ დილანმა გაგვასინჯა

Ultimate Classic Rock

სერ პოლ მაკკარტნის თქმით The Beatles-ის წევრებს მარიხუანა პირველად ბობ დილანმა გაასინჯა.

60-იანი წლების მუსიკალური სცენის გიგანტები ერთმანეთს 1964 წელს შეხვდნენ.

"1964 წლის აგვისტო იდგა, ნიუ-იორკში, სასტუმრო დელმონიკოში ვიყავით. წვეულება გვქონდა, სკოტჩს და კოლას ვსვამდით. დილანი გვესტუმრა, მეგობართან ერთად საძინებელში შევიდა, რინგო(სტარი) დაინტერესდა, რა ხდებოდა, ოთახში შევიდა და ერთი ნაფაზი ამოარტყა. რომ დაბრუნდა, ვკითხეთ: "როგორია"? რინგომ გვიპასუხა: "მგონი, ჭერი მოძრაობს...". დილანს "ცოტა ჩვენც მოგვეცის" ძახილით შევუვარდით. ეს იყო პირველი საღამო, როდესაც მარიხუანა მოვიხმარეთ". – იხსენებს 78 წლის მუსიკოსი.

ლეგენდარულმა მუსიკოსმა ინტერვიუში სხვა ნარკოტიკების შესახებაც ილაპარაკა:

"სერჟანტი პეპერის ჩაწერაზე მუშაობისას კოკაინს მოვიხმარდი, პერიოდულად მარიხუანით ვაბალანსებდი. მთლიანობაში კოკაინის დიდი მოყვარული არ ვარ. ერთხელ ჰეროინიც მოვწიე, სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი, რას ვეწეოდი. საბედნიეროდ, არ მომეწონა". – ამბობს მაკკარტნი.

მაკკარტნიმ The Beatles-ის რამდენიმე სიმღერაც ახსენა, რომელიც უშუალოდ ნარკოტიკებს ეძღვნება.

"ვერავინ ხვდება, მაგრამ სიმღერა Got To Get You Into My Life მარიხუანას ეძღვნება. Day Tripper და Lucy In The Sky With Diamonds, როგორც მიხვდებოდით LSD-ის მივუძღვენით. იმ პერიოდში ნარკოტიკებს ყველა მუსიკოსი მოიხმარდა, ჩვენ გამონაკლისი არ ვყოფილვართ".

კომენტარები