ოჯახში ძალადობა

წულუკიანი: კარგი იქნება, თუ ზანგური დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს

თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მოუწოდებს რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს, დღესვე დატოვოს თეატრი. რაც შეეხება რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორ რობერტ სტურუას, წულუკიანის თქმით, მისი გათავისუფლება არ იგეგმება.

"ნინუცა მაყაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ  იყო მიწვეული საგამოძიებო ორგანოში, ის ჯერ კიდევ არ მისულა. იმედი მაქვს, რომ უარს არ აცხადებს, იმიტომ, რომ თუნდაც ის არ ფიქრობდეს, რომ 11 წლის მერე გვიანია საგამოძიებო ორგანოში სიარული, მე მინდა, მას ვუთხრა, რომ ითანამშრომლოს. ბატონ რობერტ სტურუასთან დაკავშირებით, მე პირდაპირ გეტყვით, როგორც კულტურის მინისტრი, რომ მისი გათავისუფლება არ იგეგმება.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მეორე მხარემაც უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონ ზანგურს და კარგი იქნება, თუ ამასობაში ის დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს, იმიტომ, რომ მოწოდების გარდა არაფრის გაკეთება შემიძლია". - ამბობს თეა წულუკიანი

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს არაერთგზის ცემაში ადანაშაულებს, მათ შორის, ორსულობისას. მან რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

რუსთაველის თეატრმა ინტერვიუდან მეორე დღეს Facebook-ზე დაწერა, რომ "თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას". თუმცა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა ბესო ზანგურს გამოექომაგა და დაწერა, რომ "ქალებმა 1937 წელი და რეპრესიები დაიწყეს".

კომენტარები