ტაივანი-ჩინეთი

ბლინკენი ტაივანი-ჩინეთზე: სტატუს-კვოს ძალით შეცვლა სერიოზული შეცდომა იქნება

ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ტაივანისთვის ჩინეთის საფრთხეზე საუბრისას განაცხადა, რომ სამხედრო ძალით ტაივანში სტატუს-კვოს შეცვლა სერიოზული შეცდომა იქნება. 

პრესკონფერენციაზე მას ჰკითხეს, არის თუ არა მზად აშშ, რომ ტაივანი სამხედრო ძალით დაიცვას, რაზეც ბლინკენმა შემდეგნაირად უპასუხა:

"რაც ვნახეთ და რაც გვაშფოთებს არის ჩინეთის მთავრობის მზარდად აგრესიული ქმედებები ტაივანისადმი, რაც სრუტეში დაძაბულობას ზრდის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ტაივანს ტაივანის ურთიერთობის აქტით, ორპარტიული მხარდაჭერა, რაც მრავალი წელია, არსებობს, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ტაივანს აქვს თავდაცვის შესაძლებლობა და დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობას და უსაფრთხოებას ვინარჩუნებთ... შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერისთვის სერიოზული შეცდომა იქნება სტატუს-კვოს ძალით შეცვლის მცდელობა". 

ტაივანში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩინეთის საჰაერო ძალები ტაივანის საჰაერო სივრცეში არაერთხელ შეიჭრნენ. 26 მარტს ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში ჩინეთის 20 სამხედრო თვითმფრინავი შეიჭრა. გასული წლიდან ტაივანის საჰაერო ზონაში ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავები ხშირად, ზოგჯერ ყოველდღიურად იჭრებიან, თუმცა ეს ამ დრომდე ცნობილი ყველაზე ფართომასშტაბიანი შეჭრა იყო.

თეთრი სახლის თქმით, აშშ ახლოდან აკვირდება ჩინეთის სამხედრო ქმედებებს ტაივანის სრუტეში და პეკინის მოქმედებებს პოტენციურად დესტაბილიზაციის გამომწვევს უწოდებს. 

ამავდროულად, 9 აპრილს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოსცა ახალი მითითებები, რითაც უფრო შეამსუბუქეს აშშ-სა და ტაივანის დიპლომატების ურთიერთობებზე დაწესებული შეზღუდვები, რაც ჩინეთის ზრდადი საფრთხის პირისპირ ტაივანის ოფიციალურ პირებთან გაღრმავებულ ურთიერთობებს მოიცავს. 

31 მარტს ტაივანმა დააანონსა, რომ აშშ-სგან Lockheed Martin Corp’s Patriot-ის განახლებულ სარაკეტო სისტემას შეისყიდის. გასული წლის აგვისტოში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტაივანმა აშშ-სგან 62 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვის 10-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

25 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთისგან მომავალი პოტენციური საფრთხის თავიდან ასარიდებლად და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ტაივანმა შორი დისტანციის რაკეტების მასობრივი წარმოება დაიწყო. 

26 მარტს ტაივანმა და აშშ-მ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ხელი მოაწერეს პირველ შეთანხმებას, რომლითაც მათ დააარსეს სანაპირო დაცვის სამუშაო ჯგუფი, რათა მათ სანაპირო დაცვის პოლიტიკის საკითხებზე ითანამშრომლონ. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ჩინეთის მიერ იანვარში მიღებულ ახალ, სანაპიროს დაცვის კანონს, რითაც სანაპირო დაცვას უფლება აქვს, უცხოურ გემებს ცეცხლი გაუხსნას. 

მრავალი ქვეყნის მსგავსად, ტაივანსა და აშშ-ს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული არ არის, თუმცა აშშ ტაივანის უდიდესი მოკავშირე და შეიარაღების მთავარი მიმწოდებელია.

22 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტოკიოში შეხვედრისას აშშ-სა და იაპონიის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთი-ტაივანის სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, ითანამშრომლებენ. 

შეგახსენებთ, რომ კომუნისტური ჩინეთი დემოკრატიულ ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ ერთ დღეს კუნძულს ნებით ან ძალით შეიერთებს. ჩინეთმა ბოლო პერიოდში ტაივანზე გაზარდა წნეხი. ვრცლად შეგიძლიათ, იხილოთ ტაბულას სტატიაში - "ტაივანი - ჩინეთის შემდეგი სამიზნე?"

11 მარტს აშშ-ს ინდოეთისა და წყნარი ოკეანის ძალების გენერალმა ფილიპ დევიდსონმა რეგიონში არსებულ ჩინეთის საფრთხეზე ისაუბრა.

მისი თქმით, 2050 წლისთვის ჩინეთი ამერიკის მსოფლიო მნიშვნელობის ჩანაცვლებას შეეცდება, მაგრამ მანამდე მათ ტაივანის დაპყრობა დასჭირდებათ. მზარდი სამხედრო შეიარაღებისა და აქტივობის ფონზე, დევიდსონის თქმით, ჩინეთი, შესაძლოა, მომდევნო ექვს წელში ტაივანში შეიჭრას.

კომენტარები