ტაივანი-ჩინეთი

ტაივანის სრუტე ჩინეთის 6-მა საჰაერო ბურთმა გადაიფრინა, ერთი ტაივანის სივრცეში შეიჭრა

ჩინეთის საჰაერო ბურთი აშშ-ს საჰაერო სივრცეში

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 21 იანვარს ტაივანის სრუტე კიდევ ექვსმა ჩინურმა საჰაერო ბურთმა გადაიფრინა, ერთ-ერთმა კი ტაივანის კუნძულის საჰაერო სივრცეც გადაკვეთა, რის შემდეგაც ისინი ტაივანის ჩრდილოეთით გაფრინდნენ.

წინა თვეს, ტაივანმა ჩინეთის მიმართულებით მწვავე განცხადება გააკეთა, რომელშიც ჩინეთი საავიაციო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნასა და ტაივანის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ომის წარმართვაში დაადანაშაულა.

ბოლო ინციდენტის დროს, ჩინეთის საჰაერო ბურთებმა ტაივანის სრუტეში გამყოფი ხაზი გადაკვეთეს, რომელიც მანამდე სრუტეს ჩინეთისა და ტაივანის ნაწილებად ყოფდა, თუმცა, ჩინეთი აღნიშნულ გამყოფ ხაზს არ აღიარებს და ამ ტერიტორიაზე ჩინეთის ავიაგამანადგურებლები, დრონები და, ახლა უკვე, საჰაერო ბურთები ხშირად დაფრინავს.

ჩინეთის მიერ საჰაერო ბურთების გამოყენება საერთაშორისო განხილვის საგანი წინა წლის თებერვალში გახდა, როდესაც აშშ-მ საკუთარ საჰაერო სივრცეში ერთ-ერთი ასეთი საჰაერო ბურთი ჩამოაგდო. ჩინეთის მტკიცებით, აღნიშნული "სამოქალაქო დანადგარი" მეტეოროლოგიური მიზნებით გამოიყენებოდა და მიმართულებას უამინდობის გამო გადაუხვია.


ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი დემოკრატიული პროგრესული პარტიის (DPP) კანდიდატმა და ქვეყნის ამჟამინდელმა ვიცეპრეზიდენტმა, ლაი ჩინგ-ტემ გაიმარჯვა.

DPP-ის გამარჯვების შედეგად მმართველმა პარტიამ ზედიზედ სამი არჩევნები მოიგო, რაც ტაივანის ამჟამინდელი საარჩევნო სისტემისათვის უპრეცედენტოა. ლაის ორი მთავარი კონკურენტი ჰყავდა: ნაციონალისტური კუომინტანგის (KMT) კანდიდატი, ხოუ იუ-იჰი, რომელიც ჩინეთთან კომპრომისულ პოლიტიკას უჭერს მხარს და ტაივანის სახალხო პარტიის წევრი, ტაიპეის ყოფილი მერი, კო ვენ-ჯე. ორივემ აღიარა, რომ დამარცხდა და არჩევნებში ლაიმ გაიმარჯვა. 

პეკინმა ლაი "ტაივანის დამოუკიდებლობის ელემენტად" გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ლაიმ კუნძულის დამოუკიდებლობა გამოაცხადოს, ჩინეთმა პირობა დადო, რომ მსგავსი ნაბიჯის შემთხვევაში ტაივანს ძალით შემოიერთებს და მოუწოდა ტაივანელ ამომრჩევლებს, არჩევანი გააკეთონ ომსა და მშვიდობას შორის.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

კომენტარები