ვაქცინაცია

კობახიძე: საუბედუროდ, მოსახლეობას მხოლოდ სამღვდელოების სჯერა, საჭიროა, საჯაროდ აიცრან

ანტივაქსერები ყველა ქვეყანაში არსებობენ. თუ სხვა ქვეყნებში ადამიანები ამ პოზიციაზე კონსპიროლოგიური თეორიების გამო დგანან, საქართველოში აბსოლუტური უმრავლესობა ანტივაქსერია ეკლესიის პროპაგანდის გამო. ეკლესია დიდი ხანია სისტემატიურად, მეთოდურად, ყოველდღიურად ქადაგებს ვაქცინაციის წინააღმდეგ. ამისთვის იყენებს არა მხოლოდ ტაძრებს, არამედ პირად „სულიერ“ საუბარს მრევლთან, სოციალურ ქსელებს, მათში არსებულ ჯგუფებს და ჩათებს, საპატრიარქოს უნივერსიტეტებში იმართება ანტივაქსერული კონფერენციები, სადაც ექიმებიც მონაწილეობენ. უკვე მოვიდა პანდემიის მესამე ტალღა სხვადასხვა მუტირებული ახალი შტამებით. ამირან გამყრელიძე ისევ აწრიპინდა, რომ საპატრიარქოსთან გვექნება შეხვედრა სააღდგომო შეზღუდვებზეო. ცხადია მას, როგორც შარშან, ახლაც სამარცხვინოდ გამოაბუნძულებს პატრიარქი პირდაპირ ეთერში. საუბედუროდ, მოსახლეობას მხოლოდ მამაოების სჯერა. არავითარ „ცნობადი როჟების“ საჯაროდ პირდაპირ ეთერში აცრას ხალხზე ზემოქმედება არ ექნება. საჭიროა რომ ხელისუფლებამ, მთელმა საზოგადოებამ კატეგორიულად მოსთხოვოს ეკლესიას, რათა მან ერთხელ მაინც გააკეთოს კეთილი საქმე ქვეყნისათვის. პატრიარქის პირადი ექიმი შალვა პეტრიაშვილი აცხადებს, რომ აპირებენ ილია მეორის აცრას. საჭიროა რომ პატრიარქმა პირდაპირ ეთერში აიცრას. ასევე, რამდენიმე მეუფემ გამოთქვა საჯაროდ აცრის სურვილი - მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ, მთავარეპისკოპოსმა ექვთიმე ლეჟავამ და ვაქცინაციის მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოხატა მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა. საჭიროა, რომ მთავრობამ სთხოვოს მათ საჯაროდ აცრა პირდაპირ ეთერში. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ქართველ ხალხს ვაქცინაციისკენ მხოლოდ მამაოებმა შეიძლება რომ უბიძგონ და სხვა არავინ.

წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე Facebook-ზე. 

კომენტარები