მე-10 მოწვევის პარლამენტი

ბოკერია: ვინც 8 მარტის შეთანხმების ჩაშლას შეუწყო ხელი, ჭკუას არავის უნდა არიგებდეს

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენას ეხმაურება. ბოკერიას თქმით, ადამიანი, რომელმაც 8 მარტის შეთანხმების ჩაშლას შეუწყო ხელი, ახლა პოლიტიკურ მხარეებს ჭკუას არ უნდა არიგებდეს

"პრეზიდენტ ზურაბიშვილს რაღაც მორალური სიმაღლეებიდან საუბრის ნაცვლად, ჯობდა, მაგალითი მიეცა ყველასთვის, მით უმეტეს თავისი პოლიტიკური გუნდისთვის, ანუ ივანიშვილის გუნდისთვის. რას ნიშნავს კრიზისის განსამუხტად ნაბიჯის გადადგმა და გამოეყენებინა თავისი პოლიტიკური უფლება პოლიტპატიმრების შეწყალების, ამ შემთხვევაში რურუას შეწყალებისთვის. 

ადამიანი, რომელმაც 8 მარტის შეთანხმების ჩაშლას შეუწყო ხელი იმით, რომ თავისი მოვალეობა არ შეასრულა, - პოლიტიკურ და მორალურ მოვალეობას ვგულისხმობ, არა იურიდიულს, - ახლა ჭკუას არავის არ უნდა არიგებდეს". – თქვა ბოკერიამ. 

გიგა ბოკერია ასევე ეხმაურება რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის შესახებ პრეზიდენტის სიტყვებს.

"რაც შეეხება გავრილოვის და პოზნერის ამბავს, ამაზე – "თავიდან აცილება შეგვეძლო", ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური მაიმუნობა. პირდაპირ უნდა ითქვას, აცილება შეგვეძლო კი არა, მინიმუმ უნდა თქვა, რომ სამარცხვინო შეცდომა იყო ამ ადამიანების მოწვევა.

როცა მკაფიო პოზიცია არ გაქვს იმაზე, რაზეც უნდა იყო მკაფიო, ყველა შენი განცხადება არის უბრალო ფარისევლობა". – თქვა ბოკერიამ. 

სალომე ზურაბიშვლმა პარლამენტში თქვა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება, ორივე მხარე დათმობაზე უნდა წასულიყო, როგორც გვკარნახობდა ევროკავშირის  წარმომადგენელი.

"მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ და მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ყველა შესაძლო მანიპულირებას, რომლის ინიციატივაც შეიძლება ქვეყნის გარედანაც მოდიოდეს. ასეთი სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში". – თქვა ზურაბიშვილმა. 

კომენტარები