კორონავირუსი საქართველოში

მთავრობა: იკრძალება ფართის გადაცემა სოციალური ღონისძიებებისთვის - ქორწილი, იუბილე, ქელეხი

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შესაბამისად, იკრძალება საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა.

"ცვლილების თანახმად, იკრძალება ფართის გადაცემა/დათმობა სასყიდლით ან უსასყიდლოდ, სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით, როგორიცაა: ქელეხი, იუბილე, ქორწილი და ა.შ. ფართის მფლობელი ვალდებულია, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, მათ შორის ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით, რათა თავიდან იყოს აცილებული ფართის გამოყენება დადგენილებით აკრძალული მიზნებისთვის". – თქვა ღიბრაძემ

ღიბრაძის თქმით, ფართის მესაკუთრე ვალდებულია, დარღვევის შესახებ ინფორმაცია მიღებისთანავე აცნობოს შესაბამის სამსახურებს, ხოლო მოცემულ სამსახურებს საჭიროების შემთხვევაში აქვთ უფლება, ობიექტზე გადაადგილება შეზღუდონ.

"თუ აკრძალული ღონისძიების გამართვას ახლავს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით  დამტკიცებული მოთხოვნის დარღვევა, შესაბამისი სამსახურები უფლებამოსილი არიან, დროებით შეზღუდონ ობიექტზე გარეშე პირთა შესვლა". – ამბობს ღიბრაძე


საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 34 201 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 761 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 537 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.23%-ია, ბოლო 7 დღის 2.5%, 14 დღის კი - 2.03%. 

8 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 15 693 პირია აცრილი. მათ შორის, ბოლო 24 საათში 1 486-მა პირმა გაიკეთა აცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ. საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. სინოფარმის ვაქცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჯერ ავტორიზებული არ არის, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მათ იმ პირობით შეიძინეს ჩინური ვაქცინა, რომ აპრილის ბოლომდე ის ავტორიზაციას გაივლის.

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები