პოლიტიკური კრიზისი

ბოჭორიშვილი ევროპარლამენტარებზე: მათი მოსაზრებაა, EU-ს ინსტიტუტებისგან მინიშნება არ ყოფილა

მარიამ ბოჭორიშვილი

ქართული ოცნების დეპუტატი, მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტარების საერთო წერილის შესაფებისას ამბობს, რომ ეს მათი მოსაზრებაა და "მსგავს საკითხებზე" ევროკავშირის ინსტიტუტებისგან მინიშნება არ ყოფილა.

"ეს არის ევროპარლამენტარების ჯგუფის განცხადება. რა თქმა უნდა, საყურადღებოა მათი პოზიცია, რამდენადაც ვიცით, დანიელსონის ვიზიტის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა უშედეგოდ, ევროკავშირის ინსტიტუებს აქვთ გარკვეული დრო მოთხოვნილი იმისათვის, რომ გადააფასონ სიტუაცია და ახალი ნაბიჯების შესახებ იქნას გადაწყვეტილება მიღებული.  

ეს არის პარლამენტარების მოსაზრება, თუმცა, ევროკავშირის ინსტიტუტებთან მუშაობა ნამდვილად საჭიროა და ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით. მათი მხრიდან მსგავს საკითხებზე მინიშნება არ ყოფილა". - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი მთავარისთვის მიცემულ ინტერვუში. 

ევროპარლამენტარებმა საქართველოში მიდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გუშინ, 1-ელ აპრილს გამოაქვეყნეს. განცხადებაში ვკითხულობთ, ევროპარლამენტი საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერებას მოითხოვს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ჩვეულებისამებრ ვეღარ გაგრძელდება.

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • დევიდ მაკალისტერი (გერმანია), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის თანათავმჯდომარე;
  • მარინა კალიურანდი (ესტონეთი), დელეგაციის თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობებში;
  • ანდრიუს კუბილიუსი (ლიტვა), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე;
  • ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის მთავარი წევრი საქართველოში;
  • სვენ მიკსერი (ესტონეთი), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს შესახებ;
  • მაიკლ გალერი (გერმანია), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი უკრაინის საკითხებზე;
  • პეტრას აუშტრიავიჩიუსი (ლიტვა), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი ბელარუსის შესახებ.

საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებულად გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

გამწვავებული კრიზისის ფონზე საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეწვია, რომელმაც კრიზისიდან გამოსასვლელი 6-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა. ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ შარლ მიშელმა თბილისში სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოუშვა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.

ამ დღეების განმავლობაში, ის შეხვდა ქართული ოცნების წევრებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური პარტიის ლიდერებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი. 

18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

თბილისში კრისტიან დანიელსონი 28 მარტს დაბრუნდა. ვიზიტის ფარგლებში დანიელსონმა პირველი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან გამართა. შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა თქვა, რომ ევროკავშირს აქვს წინადადებები, რომლებსაც პარტიებს შესთავაზებენ, თუმცა კომპრომისი მათ უნდა იპოვონ. 

კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ.

კომენტარები