თავისუფლების ინსტიტუტი

ხალხი VS მთავრობა – თავისუფლების ინსტიტუტის სარჩელი საკონსტიტუციოში დარეგისტრირდა

ტაბულა

ქართველი ხალხი მთავრობის წინააღმდეგ – თავისუფლების ინსტიტუტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე დარეგისტრირდა. 30 მოსარჩელე იზოლაციის ან/და კარანტინის წესების, კომენდანტის საათისა და შესაბამისი ნორმებით დადგენილი ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

ორგანიზაციის იურისტი, გვანცა კვარაცხელია ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ე.წ კომენდანტის საათის დაწესება გადაადგილების თავისუფლების არაპროპორციული ღონისძიებაა და აქვს გვერდიტით ეფექტიც გამოხატვის თავისუფლებაზე. 

"კომენდანტის საათის დაწესება გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის არაპროპორციული ღონისძიება არა მხოლოდ ინფიცირების არსებული მაჩვენებლის გამოა, არამედ რიგი შეზღუდვების მოხსნის პირობებში ასეთი შეზღუდვა ადამიანებს აიძულებს მეტად გადატვირთული საჯარო ტრანსპორტით იმგზავრონ -რაც ინფიცირების რისკებს გაზრდის. ასევე, არსებული ფორმით კომენდანტის საათის დაწესებას გვერდითი ეფექტი აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, რაც მხედველობაში უნდა მივიღოთ ამ შეზღუდვის ინტენსივობის შეფასების დროს". – თქვა გვანცა კვარაცხელიამ. 

მოსარჩელე მხარე, ხელმომწერებთან ერთად, ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლს, რომლის მიხედვითაც, "ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება", მე-14 მუხლის პირველსა და მე-2 პუნქტებს, რომლის მიხედვითაც, "ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება", "ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობისა დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით". 

თავისუფლების ინსტიტუტის სარჩელი ასევე ეყრდნობა კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველსა და მე-2 პუნქტებსაც. 

"საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 

საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით". 

ეყრდნობა კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის მიხედვითაც "ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება", 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებას "მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია" და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტს: 

"არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს". 

ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან და 05:00 საათამდე მოქმედებს, 28 ნოემბერს დაწესდა. 

კომენტარები